20 ოქტომბერი 2024,   17:05
ვრცლად
არსებობს უპრეცედენტო ზეწოლა, მათ შორის, კერძო კომპანიებზე - ლევან სანიკიძე

სუპერმარკეტი "მადაგონი", თამარ კორძაიას დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. საუბარია, კორძაიას განცხადებაზე, სადაც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ამბობს, რომ რუსთავში სუპერმარკეტ "მადაგონში" და ფარმაცევტულ კომპანია "ფარმა სახლში" "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს 50 ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ.

"ეს გამოგონილი ბრალდება ბინძური პროვოკაციაა და მხოლოდ წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად" - აღნიშნავს "მადაგონი".

"ფარმსახლი" კი წერს, რომ მკაცრად იცავს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და არ სურს რომელიმე პოლიტიკურ მხარესთან ასოცირება.

პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის სპიკერი, ლევან სანიკიძე კი, კერძო კომპანიებზე ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიების ვაუჩერებს "ქართული ოცნების" წევრები ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით იყენებენ.

"რუსთავში, "ქართული ოცნების" შტაბის წარმომადგენლები არიგებენ ამ ვაუჩერებს. მესმის, რომ არსებობს უპრეცედენტო ზეწოლა, მათ შორის, კერძო კომპანიებზე - გასაგებია, მაგრამ მთავარი არის "ქართული ოცნების" და რუსთვის შტაბის წევრების თანამონაწილეობა ამ საკითხში.

არავის უთქვამს, რომ ეს ვაუჩერები "ქართული ოცნების ამომრჩევლისთვის შეიქმნა, რა თქმა უნდა, კომპანიებს აქვთ ვაუჩერები, მაგრამ ამ ვაუჩერებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იყენებენ მოსყიდვის მიზნით", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები