23 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"ქალბატონი ელჩის მხრიდან ეს იყო ობიექტური შეფასება, რადგან ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაში, როგორც აშშ-ის საელჩოსთან, ისე ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან" - გიორგი კალანდარიშვილი

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, აშშ-ის ელჩის მხრიდან ცესკო-ს მუშაობის დადებითი შეფასება ძალიან ობიექტური პოზიცია იყო, რადგან ისინი მჭიდრო კავშირში იმყოფებიან აშშ-ის საელჩოსთან, სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მისი განმარტებით, არ არსებობს რაიმე საქმიანობა და მოქმედება, რომელსაც ცესკო აწარმოებს და რომელიც ღია და გამჭვირვალე არ არის.

"ქალბატონი ელჩის მხრიდან ეს იყო ობიექტური შეფასება, რადგან ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კავშირში და კომუნიკაციაში, როგორც აშშ-ის საელჩოსთან და ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ. კომუნიკაციაში ვიმყოფებით ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ხედავენ და ობიექტურად აფასებენ ჩვენ საქმიანობას. ეს შესაძლებლობა ჩვენ თვითონვე შევქმენით, ჩვენი ღია და გამჭვირვალე საქმიანობით. დღეს, არ არსებობს, სადმე, რაიმე მოქმედება, რომელიც არ არის ღია. რომელშიც დაკვირვების, შეხების და მონიტორინგის შესაძლებლობა არ არის. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 4 სამუშაო პლატფორმა, სადაც რეგულარულად ვიკრიბებით და გავიხილავთ მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს. შესაძლებლობის ფარგლებში, თუ არსებობს რაიმე რეკომენდაციები და მიგნებები, ვითვალისწინებთ მათ და ვერავინ ვერ იტყვის საწინააღმდეგოს.

მე მესმის, რომ ამ არჩევნების მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ, ჩვენთვის ყველა არჩევნები თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის ადმინისტრირების ხარისხი გახლავთ საკვანძო ამ პროცესში. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, ინსტიტუცია არ არის მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილი ან რომელიმე წევრი. ინსტიტუცია შედგება, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესის დროს 54 ათასზე მეტი საარჩევნო ადმინისტრატორისგან, საიდანაც ნახევარზე მეტი, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიის წევრები არიან", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა, "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, განაცხადა: "ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს გუნდი, რომლებთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და ტექნიკური პროფესიონალები არიან".

 

დღის ამბები