23 ოქტომბერი 2024,   21:57
ვრცლად
"წარმოუდგენელია, როდესაც არჩევანი დგას სიკეთესა და ბოროტებას შორის, ადამიანმა არ გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ" - რატი ბრეგაძე

"ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს, რომ არჩევანი დღეს ისეთი მარტივია, როგორც არასდროს - რადგან ის არის სრულიად უალტერნატივო და რატომ: სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც არჩევანი დგას ფუნდამენტურ ღირებულებებს - სიკეთესა და ბოროტებას შორის, ადამიანმა არ გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ; როდესაც არჩევანი დგას დემოკრატიულ განვითარებასა და ავტოკრატიულ წარსულს შორის, შეუძლებელია, რომ გონიერმა ადამიანმა ხმა მისცეს ავტოკრატიულ წარსულს; როდესაც საუბარია სიმართლესა და სიცრუეს შორის ბრძოლაზე, ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება," - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდება და ქართულ პოლიტიკურ სივრცეს დატოვებს.

"მეორე მხარეს არის კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", ადამიანების გაერთიანება, რომელთაც ოფიციალურად აქვთ ფული გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. ეს ყველაფერი ჩვენ ფაქტებით ვაჩვენეთ მოსახლეობას, რომ იგივე სააკაშვილის ავანტიურის დროს, ლობისტებისთვის ოფიციალურად ჰქონდათ თანხა გადახდილი საქართველოს დასასანქცირებლად.

ასევე, მათი ერთ-ერთი ქვედანაყოფის წარმომადგენელი, ამხანაგი ხაზარაძე რომ ავიღოთ, ეს ადამიანი სრულიად უსამართლოდ, საკუთარი სახელმწიფოსგან მოითხოვდა მილიარდ ნახევარ დოლარს, რაც იმ პერიოდში იყო საქართველოს ბიუჯეტის ერთი მეოთხედი. თეორიულადაც რომ დავუშვათ მათი ამ დავაში გამარჯვება, სახელმწიფოს აყენებდნენ ეკონომიკური კოლაფსის ქვეშ. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დამდგარიყო ასეთი დიდი საფრთხის წინაშე და ეს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ისევე, როგორც მათ ტყუილს, ავანტიურას აეხადა ფარდა, ამ არჩევნების შედეგად, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი საბოლოოდ დამარცხდებიან და ერთხელ და სამუდამოდ გავლენ ქართული პოლიტიკიდან," - აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები