24 ოქტომბერი 2024,   13:22
ვრცლად
მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები - ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები.

"მიწის სისტემური რეგისტრაცია, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომლებიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში აიზომა 1.5 მლნ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა -  1 მლნ. შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. შეგვიძლია თავადაც წარმოვიდგინოთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდეა მისაყვანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. კიდევ ერთხელ მადლობა იუსტიციის მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები