28 ოქტომბერი 2024,   15:28
ვრცლად
მას შემდეგ, რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" დაადასტურა, რომ მათი და ცესკო-ს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლი გააყალბა - შალვა პაპუაშვილი

არჩევნების შემდეგ გამოთქმულ ბრალდებებს "ქართულმა ოცნებამ" ბრიფინგით უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა საარჩევნო აპარატურის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს იყო მანიპულაცია. მისი თქმით, აპარატურის აუდიტი ჩაატარა ამერიკულმა კომპანიამ, რომელმაც დაადგინა, რომ არანაირი შეუსაბამობა არ ყოფილა.

ამასთან, მმართველმა გუნდმა "ედისონ რისერჩში" ეგზიტპოლის გაყალბებაში დაადანაშაულა და მიზნად დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაცია დაასახელა. სპიკერმა გააკრიტიკა ISFED-იც, ორგანიზაციამ ტრადიციულად ხმების პარალელური დათვლა უზრუნველყო.

"მას შემდეგ, რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია ღიად ვთქვათ, რომ "ედისონ რისერჩმა" ეგზიტპოლი გააყალბა. ეს ცალკე საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილი იყოს. მან საკუთარ რეპუტაციას კიდევ ერთხელ მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან, სავარაუდოდ, რაღაც უკანონო გარიგება დგას, რომლის მიზანი ამ შემთხვევაში დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია იქნებოდა. ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რათა ცრუ ნარატივი გაეტარებინათ, თითქოს გაყალბება მოხდა.

გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელია ჩვენს საზოგადოებაში (ერთი მხრივ, პოლიტიკოსია, მეორე მხრივ კი "ენჯეოს" წარმომადგენელი - უცხოური დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკოსია), გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე. ის, თავის სოციალურ მედიაში, აქვეყნებდა შედარებას, როგორი აცდენაა ეგზიტპოლსა და ცესკო-ს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს, თითქოს გაყალბება მოხდა. ამას ასევე იზიარებს ლორა თორტონი, ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში და სადაც აღწერილია ის სცენარები, რაც დღეს ხდება: მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები არჩევნებს აღიარებენ, უნდა იყოს პროტესტები, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ პოლიტიკოსებმა.

თქვენ გახსოვთ, როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია, რამე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით. გუშინ, ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები