28 ოქტომბერი 2024,   17:11
ვრცლად
"პირველად ჩატარდა არჩევნები ამ ფორმით, ვენდობოდით სისტემის ასე განხორციელებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა" - თამარ კორძაია

კენჭისყრის ელექტრონული სისტემით ჩატარება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად რჩება, თუმცა ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობს.

პასუხად "ქართულ ოცნებაში" დღეს ის გაცხადებები გაიხსენეს, რასაც ოპონენტი პარტიები ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით აკეთებდნენ. მათი თქმით, შედეგებამდე ოპოზიცია დარწმუნებული იყო, რომ ელექტრონული სისტემა მანიპულაციებს გამორიცხავდა, თუმცა 27 ოქტომბერს ეს მიდგომები შეიცვალა.

ამ თემაზე საკუთარი არგუმენტები აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ქვეყანაში არჩევნები ელექტრონული სისტემით პირველად ჩატარდა და როგორც აღმოჩნდა, ამ მეთოდმა არ გაამართლა.

"პირველად ჩატარდა არჩევნები ამ ფორმით. ჩვენ ვენდობოდით სისტემის ასე განხორციელებას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არ გაამართლა. ამაზე გაგვცენ პასუხები - რატომ არ ხსნიან ამ დოკუმენტაციას", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, თავად აპარატურას არ შეუძლია მანიპულაცია, მას მართავს ადამიანი და ერთადერთი ძალა, რომელმაც აპარატების მართვა შეძლო "ქართული ოცნება" აღმოჩნდა.

"ელექტრონული აპარატები თავისით არ იტყუებიან არაფერს. აქ არის ადამიანების ფაქტორი - ადამიანს შეუძლია მათი მართვა. "ქართული ოცნება" აღმოჩნდა ძალა, რომელმაც მართა აპარატები და მანიპულაცია მოახდინა მათზე", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

დღის ამბები