28 ოქტომბერი 2024,   16:18
ვრცლად
"იმხელა მარაზმში არიან წასულები, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს" - მამუკა მდინარაძე

"იმხელა მარაზმში არიან წასულები, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს," - ამის შესახებ "ქართული ონების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ISFED-ს მოუწოდა, სწრაფად გამოაქვეყნოს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, რადგან, მისი თქმით, ეს მანიპულაციის სივრცეს გააქრობს.

"გუშინ მათ გაავრცელეს ერთადერთი განცხადება, სადაც იყო ასეთი სიტყვები ჩაწერილი - "ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს." კი ბატონო, დიდი მადლობა ობიექტურობისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, რაც შეიძლება ბუნდოვანი სიტყვები უნდა ყოფილიყო მათ განცხადებაში, რომ ყველას ვერ გაეგო რაშია საქმე. მათ, გასაგებია, რომ აღიარეს ცესკოს მონაცემები და თქვეს, რომ ერთი-ერთში დაემთხვა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, მაგრამ ასე სადღაც გაპარებული, სხვათა შორის ნათქვამი კი არა, კეთილი ინებონ, გამოვიდნენ და მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ - რამდენი ხმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ," რამდენი გვარამიამ, "ნაცმოძრაობამ" და ა.შ. ეს საერთოდ ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს.

იმხელა მარაზმში არიან წასულები, რომ დღე-ნახევარი არ აქვეყნებინებენ ნინო დოლიძეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემებს. წინა შემთხვევაში გამოაქვეყნებინეს ყალბი მონაცემები, ახლა საერთოდ უკრძალავენ, რომ მან დადოს მონაცემები, რადგან ეს მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკოს მონაცემებს. მერე რაღა უნდა თქვან გაყალბებაზე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები