27 ოქტომბერი 2024,   23:06
ვრცლად
"არ ვაღიარებ ამ არჩევნებს" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

"არ შევეგუებით" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც სამომავლო გეგმებზე, ოპოზიციასთან ერთად ისაუბრა. პრეზიდენტი და ოპოზიცია პარლამენტში შესვლის ნაცვლად, პარლამენტთან დგომას ირჩევს.

პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრება დააანონსა.

"წაგვართვეს არჩევნების უფლება, ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი, იმიტომ რომ ამ არჩევნების მერე, ძალიან ძნელი წარმოსადგენია როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში, თუ არაფერი შეიცვალა.

მინდა, ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის. რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს. ამას არ შევეგუებით. რადგან მე არ ვარ ერთი ადამიანი, მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ჩემთან ერთად არიან ის პარტიები, რომლებიც იცავდნენ ევროპულ მომავალს, ქარტიას. მინდა, ხვალ მათთან ერთად 19:00 საათზე მოგიწვიოთ რუსთაველზე, რომ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ მომავალში ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები,"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები