28 ოქტომბერი 2024,   18:34
ვრცლად
"არჩევნები არა თუ გააყალბეს, არამედ წაართვეს ქართველ ხალხს, ეს დაადასტურა პრეზიდენტმა, სადაც გახლდით ოპოზიციური პარტიები" - მამუკა ხაზარაძე

პრეზიდენტი და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ორბელიანების სასახლეში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პარტიებმა, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მორიგ შეხვედრას ახლა სალომე ზურაბიშვილის გარეშე გამართეს. შეხვედრაზე პრეზიდენტის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ოპოზიცია და პრეზიდენტი არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებენ, აანონსებენ საპროტესტო გამოსვლას.

კოალიციის "ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, არჩევნების შედეგებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა მიმდინარეობს.

"არჩევნები არა თუ გააყალბეს, არამედ, წაართვეს ქართველ ხალხს. ეს დაადასტურა პრეზიდენტმა, სადაც ჩვენ გახლდით ოპოზიციური პარტიები. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და ამომრჩევლის ხმას. ეს ასე არ დასრულდება. მიდის მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინც აკვირდებოდა ამ არჩევნებს და თქვენ იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ არ დაადასტურა ეს არჩევნები," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ მანდატები ჩაიხსნება.

"ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები. ხალხმა მოიგო ეს არჩევნები. ჩათვალეთ მანდატები არ არსებობს, სიაც ჩაიხსნება, ამ არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას არავინ არ აპირებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს კონსენსუსი. ჩათვალეთ, დღევანდელი შეკრება არის არალეგიტიმურობის გამოცხადების დღე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ "ამ არჩევნების შედეგი, რაც გამოაცხადა ცესკომ არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მისივე თქმით, "ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამართლებრივი ბრძოლა, როგორც წინასაარჩევნო გარემოსთან, ასევე, არჩევნების დღესთან დაკავშირებით."

დღის ამბები