"გაკეთდება ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. მივესალმები ცესკო-ს განცხადებას, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა და ის ძალიან მავნებლური სპეკულაციები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური აქტორები ეწევიან, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პასუხგაცემული," - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა "დღის კურიერის" კითხვას იმის შესახებ, გაიხსნება თუ არა რეგისტრაციის სიები და გასაჯაროვდება თუ არა ამომრჩეველთა სიები, რადგან ოპოზიცია ამტკიცებს, რომ, საზღვარგარეთ მყოფი ათასობით ადამიანის ნაცვლად, ხმა გამყალბებლებმა მისცეს.
წილოსანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აპარატების ჩატვირთულ ბაზებთან ხმების შესაბამისობა დაითვალა ამერიკულმა, მაღალკვალიფიციურმა კომპანიამ, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვი აქამდე არავის შეჰპარვია.
"გაკეთდება ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. მივესალმები ცესკოს განცხადებას, რომლითაც მან პროკურატურას მიმართა და ის ძალიან მავნებლური სპეკულაციები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური აქტორები ეწევიან, ერთხელ და სამუდამოდ, იყოს პასუხგაცემული. შესაბამისად, ამ პროცესის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება. მე გამიჭირდება, რომ ჩავერიო თვითონ საგამოძიებო პროცესებში და რა საჭიროება გაჩნდება ამ პროცესებიდან გამომდინარე.
ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ თავად ამ აპარატების მუშაობას, ჩატვირთულ ბაზებთან ხმების შესაბამისობას ითვლის ამერიკული, მაღალკვალიფიციური კომპანია, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვი აქამდე არ ეპარებოდათ და თავად ადასტურებდნენ, რომ თავად ამ კომპანიის აუდიტია გარანტი იმისა, რომ პროცესი იქნება სრულყოფილი და არანაირ რაღაც პატარა გაყალბების ელემენტებიც კი არ შეიძლება იყოს.
მე წინააღმდეგი ვარ, რომ მათი დღის წესრიგით გადავეწყოთ. წარმოიდგინეთ, დაიწყებენ უაზრო ბრალდებებს და ჩვენ უნდა დავდგეთ და ვიმართლოთ თავი. თავი სამართლებელი არავისთან არ გვაქვს," - განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსანმა კომენტარი გააკეთა იმაზეც, რომ ოპოზიციის ნაწილი პროკურატურაში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივია, რადგან მათ მტკიცებულებები არ აქვთ.
წარმოუდგენელია, რომ ისინი მივიდნენ და რაიმე ჩვენება მისცენ, რადგან ამ ჩვენების მიღმა, არ იქნება არანაირი საღი აზრი, არანაირი ფაქტი და არანაირი არგუმენტი. მათ ეს პოლიტიკური განცხადებები აკერიათ პირზე, რომლითაც ცდილობენ, რომ საკუთარი ამომრჩეველი გამოკვებონ, რადგან ჩვენმა ამომრჩეველმა ისედაც იცის, რამდენი ვართ. იციან, რამდენად დიდი აქტივობა იყო და რამხელა სულისკვეთება იყო იმისთვის, რომ ეს არჩევნები ზუსტად ასეთი შედეგით დასრულებულიყო. ამიტომ, აქეთ მხარეს არავის არ ეპარება ეჭვი შედეგებში და გვგონია, რომ არც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს, მათ შორის, მათ ამომრჩეველთა რიგებში. აქციებზეც ვეღარ ამობილიზებენ ხალხს, რადგან მათი უმრავლესობა ხვდება, რომ ამ ყველაფრის ფონზე იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდა, სიგიჟეა.
ერთადერთი, რაც შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს, არის ის, რომ მიიღოს შედეგი, რომელიც ქართველმა ხალხმა დადო ამ არჩევნებზე და შეეგუოს წაგებას. ამავდროულად, გააანალიზოს შედეგები, რადგან რადიკალური კლება აქვთ საკუთარ ხმებში და ძალიან დიდი ზრდაა "ქართულიო ოცნების" მხარდამჭერებში იმიტომ, რომ პოლიტიკა, რაც ჩვენ განგვასხვავებს და ის იდეოლოგიური ხრამი, რაც ჩვენს შორის არსებობს, - ანუ, ჩვენს მხარეს მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ღირებულებებზე, ფასეულობებზე ორიენტირებული პოლიტიკა და იქეთ მხარეს ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ," - აცხადებს ნინო წილოსანი.