30 ოქტომბერი 2024,   19:13
ვრცლად
"ყველა შემთხვევაში იყო იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თუ ვის მიეცი ხმა... სპეციალურად, იყო ძალიან თხელი ფურცელი, სადაც ადვილად გაარჩევდი, თუ ვის მისცა ადამიანმა ხმა" - პაატა მანჯგალაძე

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დაირღვა ხმის ფარულობის პრინციპი. მისივე თქმით, ფურცელი, რომელზეც არჩევანი იყო დაფიქსირებული, იყო გაცილებით თხელი, ვიდრე სატესტო ვერსიების დროს გამოყენებული, რაც ადვილად აღსაქმელს ხდიდა, თუ ვის მისცა ხმა კონკრეტულმა ამომრჩეველმა.

"ჩვენი ვარაუდით, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, საუბარია არა დადასტურებულზე, არამედ ვარაუდით, ნამდვილად ჰქონდა ჩარევას ადგილი და ეს იყო ორგანიზებული, ჩემი ვარაუდით, ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად, ეს რომ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებულმა პროკურატურამ გამოიძიოს, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ის მაინც ქნან, რომ რაღაც დამოუკიდებელმა უწყებამ შეისწავლოს საკითხი. ჩვენ შორს არ მივდივართ, ძალიან მარტივი საკითხია - დაახლოებით, 2 მილიონამდე ადამიანი მივიდა არჩევნებზე. მეც, კაბინიდან გამოსვლისთანავე დავაფიქსირე, რომ ხმის მიცემის ფარულობა, რომელიც ფუნდამენტური პრინციპია, [იყო დარღვეული].

2 მილიონამდე ადამიანი მივიდა და ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოცადა ის, თუ რას ნიშნავს, როცა წერტილი გამოსულია უკანა მხარესაც და ადვილად აღსაქმელია - ბოლოში მიეცი "ქართულ ოცნებას" ხმა, თუ მიეცი ხმა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს იყო ძალიან ადვილად დასაფიქსირებელი, ამან დაარღვია ფარულობა. ფარულობა ფუნდამენტური პრინციპია - რომ აიღო საარჩევნო სამართლის სახელმძღვანელო, იქ წერია, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალია იმ შემთხვევაში, თუ ფარულობაა უზრუნველყოფილი. თუ ფარულობა, ფუნდამენტური პრინციპი დარღვეულია, იქ საუბარი დამთავრებულია.

ამ ფარულობის უზრუნველყოფისთვის არსებობდა კონვერტი. ამ კონვერტში იდებოდა ბიულეტენი და ვერავინ ხვდებოდა, თუ ვის მიეცი ხმა. თუმცა, ამ შემთხვევაში, როცა მეორე მხარეს გადაბრუნებული ბიულეტენი, სანამ მანქანაში შეიტანდი, თუნდაც კონვერტში ყოფილიყო ჩადებული, რომელიც ბევრად მოკლე იყო, ვიდრე ბიულეტენის ზომა, ყველა შემთხვევაში იყო იდენტიფიცირების შესაძლებლობა, თუ ვის მიეცი ხმა 100%-ით. შესაბამისად, თუ ფარულობა არ არის უზრუნველყოფილი, არჩევნები დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

საცდელ, სატესტო ვერსიებში სხვა სისქის ფურცელი იყო. ახლა, სპეციალურად, იყო ძალიან თხელი ფურცელი, სადაც ადვილად გაარჩევდი, თუ ვის მისცა ადამიანმა ხმა.

თუ პროკურატურა გულწრფელადაა დაინტერესებული ამ ყველაფრით, უნდა დაიბაროს ცესკოს წარმომადგენელი, ვინ შეუკვეთა ეს თხელი ფურცელი, რამდენი გრამი უნდა ყოფილიყო და შეასრულა თუ არა დამკვეთმა ის დაკვეთა, რაც მისცა. თვითონ ცესკოა პასუხისმგებელი ფარულობაზე.

მე, პაატა მანჯგალაძე ვსაუბრობ, რომ არჩევნების ფარულობა, ფუნდამენტური პრინციპი არის დარღვეული და ამას დავადასტურებთ - ბევრი ვიდეო გვაქვს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დღის ამბები