26 დეკემბერი 2024,   23:21
ვრცლად
ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 50 წლის მანძილზე - ესპანეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

ესპანეთი, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს. დანგრეული სახლები და დატბორილი ქუჩები - მოსახლეობა წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიურ უბედურებას ბოლო მონაცემებით 211 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ვალენსიაში დაიღუპა. სპეციალური სამსახურები სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს ჯერ კიდევ განაგრძობენ. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. ამ დრომდე დაკარგულად 1300 მოქალაქე ითვლება. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან, 4600-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა და გადარჩენა შეძლეს.

სამაშველო ოპერაციებში, მაშველებთან და ჯარისკაცებთან ერთად, ჩართულია მოსახლეობა. არის იმედი, რომ სტიქიურ უბედურებას გადარჩენილებს კიდევ იპოვიან, თუმცა სამძებრო სამუშაოებს მძიმე გარემო პირობები ართულებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს. მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა რეგიონში დამატებით, 10 000 სამხედროს გაგზავნის.

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხუთი დღის წინ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ, ქვეყანას დიდი ზარალი და მსხვერპლი მოუტანა. ესპანეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. მთავრობა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსები უამინდობას ისევ ელოდებიან.

ავტორი: მარიამ იობიძე. 

დღის ამბები