08 დეკემბერი 2024,   03:15
ვრცლად
როგორია რთველი იქ, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყურძნის მოყვანა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს

მესხური შემოდგომა. ასეთ ფერებს წელიწადის სხვა დროს ვერ ნახავთ. მალე ზამთარი დადგება და მესხური ყინვებისთვის ყველა მზად უნდა იყოს. აღებულია თითქმის ყველაფრის მოსავალი, ერთადერთი დარჩენილია ყურძენი, რომელიც აქ გვიან მწიფდება. რაც უფრო მაღლაა სოფელი, მით უფრო გვიან იწყება რთველიც. სწორედ ადგილობრივი ჯიშების მოძიება-გადარჩენამ მოიტანა ის, რომ დღეს მევენახეობა ამ რეგიონის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ტერასულ ვენახებს მესხეთის ბევრ სოფელში ნახავთ, მათ შორის ვარძიის გარშემოც. სამონასტრო კომპლექსის უკან მდებარე ჭაჭკარის ნასოფლარი კი შეიძლება ითქვას ერთგვარი მუზეუმია. სწორედ აქ არის შემორჩენილი უძველესი სოფლის ნაშთები, ქვის საწნახელები და ვაზი, რომელიც 450 წელზე მეტს ითვლის.

სოფელი ადიგენი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმის თუ როგორ ტარდება რთველი მთიან ადგილებში. მოსავლის ასაღებად მევენახეები ხიდან ხეზე გადადიან და ეს საკმაოდ დიდი შრომაა.

გელა სირბილაძის წინაპრები რამდენიმე ათეული წლის წინ გადმოასახლეს იმერეთიდან მესხეთში. რთულ პირობებთან შეგუება არ იყო მარტივი. ამის მიუხედავად იმერლებმა პირველი რაც გააკეთეს, ხეების ძირში ვაზის ჩაყრა იყო.

მესხეთში რთველი მხოლოდ სოფლებში არ მიმდინარეობს. არიან ისეთებიც, ვისაც ახალციხის იქით საკმარისი მიწა არ აქვს და ყურძენი პირდაპირ ქალაქის ცენტრში, კორპუსებს შორის მოჰყავთ. ერთ-ერთი ასეთი მეღვინე გახლავთ გიორგი ლეკიშვილი, რომელმაც ვენახი კორპუსის წინ გააშენა, ქვევრები კი, სარდაფში მოწყობილ მარანში ჩაყარა.

ასე გაშენებული ვენახი დიდ მოსავალს არ იძლევა, თუმცა ერთგვარი სტარტია იმისთვის, რომ მომავალში წარმოება კიდევ უფრო გაიზარდოს.

სოფელი სარო კი, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1480 მეტრზე მდებარეობს. ასეთ მაღალ ადგილებში ვაზს ბევრგან ნახავთ, მაგრამ დიდი ვენახი იშვიათობაა. ამ საქმეს კახა ასპანიძემ წლები შეალია. სკეპტიკოსები ეუბნებოდნენ, რომ ეს ტყუილი შრომა იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

მის ვენახში არსებული უძველესი ჯიშების ჩამონათვალიც საკმაოდ დიდია.

აი ასეთია რთველი იქ, სადაც რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყურძნის მოყვანა ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. სამაგიეროდ შედეგად იღებენ ღვინოს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადია.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები