27 დეკემბერი 2024,   02:29
ვრცლად
ისტორია მეორდება - დაახლოებით ორ კვირაში მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, თუმცა პირველ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება

მეთერთმეტე მოწვევის საკანონმდებლო ორგანო, საპარლამენტო ისტორიას ზუსტად ისე იწყებს, როგორც მეათე. ოპოზიციამ არჩევნების ღამეს ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ჯერ გამარჯვება იზეიმა, ცესკო-ს მონაცემების გამოცხადების შემდეგ კი, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. ბოლოს, პროცესების გაგრძელება, პარლამენტის ნაცვლად ისევ პარლამენტთან დააანონსა.

ორბელიანების სასახლეში დაგეგმილი, რეალობად მეორე დღეს იქცა. ბარიერ გადალახული ოპოზიცია მხარდამჭერებთან და პრეზიდენტთან ერთად ქუჩაში გავიდა. ახალი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს - მოთხოვნებიც რუსთაველის გამზირიდან გაჟღერდა.

ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა, გაყალბებული სიები, მარკირებისგან თავის არიდება, ეგრეთ წოდებული კარუსელი რეგისტრატორების ჩართულობით - არჩევნებიდან მესამე დღეს, ოპოზიცია ბრალდებებს აქტიურად აჟღერებდა, ავრცელებდა მცირე კადრებსაც, თუმცა მტკიცებულებების წარდგენა მომავლისთვის დააანონსეს.

სანამ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა, საარჩევნო დავამ სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლა. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებების შემდეგ, ასევე ცესკოს მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა პროკურატურას ვიდეომასალის გამოქვეყნებით უპასუხა და საგამოძიებო უწყებაშიც არ მივიდა.

ამ განცხადებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, გამოძიებას გაუზიაროს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები.

სალომე ზურაბიშვილს და ბრალდებების ავტორებს, მტკიცებულების წარდგენისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა.

“ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე“ - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილის ქმედება პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩევნებიდან მალევე ოპოზიციის დღის წესრიგში კიდევ ერთი ბრალდება გააქტიურდა- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამას კი არასამთავრობო სექტორი ოპოზიციასთან ერთად იმ ბიულეტენებით ამყარებს, სადაც გაფერადებული შავი წრე უკანა მხარესაც ჩანს.

ბრალდებებს “ღამის კურიერის“ ეთერში უპასუხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, პროცესის სწორედ წარმართვის შემთხვევაში, არჩევანის იდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა.

მტკიცებულებების მოლოდინში, არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ორი ბრალდებული უკვე ჰყავს. საქმე ეხება მარნეულში, სადახლოს 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ვიდეოში მონაწილე ორივე პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. თუმცა საგამოძიებო უწყება ისევ ოპოზიციისა და პრეზიდენტის მოლოდინშია, ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად სპეციალური ჯგუფი მუშაობს.

სქემა ვერც ამ განცხადებიდან მეორე და ვერც არჩევნებიდან მე-5 დღეს წარმოადგინეს. გეგმის გაცნობა ორშაბათისთვის გადავადდა. ბარიერ გადალახულმა ოპოზიციონერებმა ფაქტების გასაჯაროება, რომელიც მათი მტკიცებით არჩევნების გაყალბებას ადასტურებს, სწორედ ორშაბათს, საპროტესტო აქციაზე დააანონსეს.

ოპოზიცია ორშაბათისთვის ემზადება, მმართველმა გუნდმა კი ოპონენტების წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა. “ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს ხმების დაკარგვის ბრალდებით პროკურატურაში უჩივის. ბრალდებებზე და ოპოზიციის მოქმედების სქემაზე უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა.

ბარიერ გადალახული 4 ოპოზიციური პარტია ბოიკოტის გზას ირჩევს, იმის მიუხედავად, რომ საჯარო გამოსვლებისას ტრიბუნასთან არ ჩანს გიორგი გახარია, მისი გუნდი კოლეგების პათოსს იზიარებს და არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. თუმცა ბრალდებების საპასუხოდ, საგამოძიებო უწყება მტკიცებულებების მოლოდინშია.

დღის ამბები