26 დეკემბერი 2024,   16:28
ვრცლად
კორპუსის მშენებლობა შუა გზაზე მიატოვეს, მობინადრეებზე წინასწარ გაყიდული ბინები ყალბი დოკუმენტებით ხელახლა გაყიდეს, ზოგიერთი კი იპოთეკით დატვირთეს და გაქრნენ - თაღლით მშენებლებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლით პატიმრობა ემუქრებათ

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ომარ მიდელაშვილი ამჯერად ქუჩაში თაღლითების გამო აღმოჩნდა. ის ერთ-ერთია იმ 75 ადამიანს შორის, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე მშენებარე კორპუსში ბინის შესაძენად მან ყველაფერი გაყიდა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, თუმცა ბინის ნაცვლად მხოლოდ ჰაერი შერჩა. მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მეოთხე სართულზე გაჩერდა. მობინადრეები კომპანია “თიმ დეველოპმენტს“ მასშტაბურ თაღლითობასა და ასი ათასობით ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

სამშენებლო კომპანია, რომელმაც ათობით ოჯახს ბოლო დანაზოგი წაართვა, ახლა დაყადაღებულია. მფლობელები - მარიამ თედიაშვილი და ლევან ვადაჭკორია, რამდენიმე დღის წინ, პროკურატურამ ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით დააკავა. აღმოჩნდა, რომ მათ მობინადრეებზე წინასწარ გაყიდული ბინების ნაწილი ყალბი დოკუმენტებით, ხელახლა გაყიდეს, ნაწილი კი იპოთეკით დატვირთეს. მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ლია ზანგურაშვილიც. ბინის შესაძენად ფული კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხა, მოგვიანებით კი გაარკვია, რომ ჯერ არ აშენებულ ფართზე პრეტენზიას კერძო იპოთეკარი აცხადებდა.

თაღლითური მაქინაციებით დაზარალებული ათობით ოჯახი მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ახლა მათი ბოლო იმედი ახალი ინვესტორია. შუამდგომლობას სთხოვენ თბილისის მერიასაც. მანამდე კი, პროკურატურაში დაზარალებულთა დაკითხვები გრძელდება.

დაზარალებულთა დიდი ნაწილი ემიგრანტია. მათ, თაღლითური სქემით, წლების ნაგროვები დანაზოგი თითქმის სრულად გამოსძალეს. დაზარალებულები გვიყვებიან, რომ უსახლკაროდ დარჩენილმა ზოგიერთმა მობინადრემ მძიმე სტრესულ მდგომარეობას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა.

თაღლითობაში ბრალდებულ ლევან ვადაჭკორიას ადვოკატმა “კურიერი P.S-ის“ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ვიმყოფებოდით კიდევ ერთი ბრალდებულის, მარიამ თედიაშვილის რეგისტრაციის მისამართზეც. აღმოჩნდა, რომ ის აქ მხოლოდ ფიქციურად არის რეგისტრირებული. სახლის მეპატრონეები ამბობენ, რომ თედიაშვილს საერთოდ არ იცნობენ, თუმცა გვიდასტურებენ, რომ მსგავს პიროვნებას ამ მისამართზე პოლიციაც ეძებდა.

პროექტის მიხედვით, დიღომში ცხრასართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პერიმეტრი ახლა ასე გამოიყურება. ჟამად მთელი შენობა ნაგავსაყრელად და ნარკოტიკების მოხმარების ადგილად არის ქცეული. ჯერ უცნობია, რა ბედი ეწევა სამშენებლო აფიორით დაზარალებულ ათობით ოჯახს? თაღლითობაში ბრალდებულ ე.წ. მშენებლებს კი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები