08 დეკემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ტრამპი თუ ჰარისი - ვინ შეძლებს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას

საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი დღეები, სოციოლოგიურ კვლევებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის სამოთხეა. ყველა ცდილობს გააკეთოს ზუსტი პროგნოზი, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. დაწყებული დიდი, სანდო კომპანიებიდან, ოჰაიოს შტატის პატარა საცხობის ჩათვლით, რომელიც უკვე 40 წელია, კანდიდატების გამოსახულებიან ორცხობილებს ყიდის და ცდილობს იმის მიხედვით განსაზღვროს ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა, თუ რომელი კანდიდატის გამოსახულებაც ბესტსელერი გახდება. წელს "ბასქენის საცხობის“ პროგნოზი ნაკლებად სანდო იქნება, რადგან ტრამპის ორცხობილას გაყიდვებში ჩარევა და სავარაუდოდ, შედეგებზე ზემოქმედება მოხდა.

დიდი ორგანიზაციების კვლევებში კი სურათი თითქმის უცვლელია. ტრამპიც და ჰარისიც, არჩევნების დღეს ერთნაირი შედეგებით ხვდებიან. მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰარისი ტრამპს 1%-ით უსწრებს, თუმცა ეს უპირატესობა არაფერს ნიშნავს და ყურადღება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაცემებზე, არამედ იმ შვიდ მერყევ შტატზეა გადატანილი, რომელმაც არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ეს შტატებია: არიზონა, პენსილვანია, ჯორჯია, ვისკონსინი, მიჩიგანი, ნევადა და ჩრდილოეთ კაროლინა. განსხვავება კი ამ შტატებში იმდენად უმნიშვნელოა, რომ ზუსტი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა.

მერყევია ამერიკული ავტოინდუსტრიის შტატი მიჩიგანი, სადაც დონალდ ტრამპმა კამპანიის დიდი რესურსი დახარჯა. თუმცა ჰარისი მიჩიგანში ტრამპს 1%-ით უსწრებს. დემოკრატ კანდიდატს მხარს უჭერს ავტომწარმოებელთა პროფესიული კავშირი, რომელიც ირწმუნება, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უმუშევრობა 4%-ით შემცირდა, ტრამპს კი არაფერი გაუკეთებია.

მერყევი შტატი ჯორჯია, წინა არჩევნებზე მცირე სხვაობით ბაიდენმა მოიგო. შტატის ფულტონის საგრაფოს არჩევნებში ჩარევა, ტრამპის სისხლის სამართლის 4 საქმიდან ერთ-ერთია. ჯორჯიაში ტრამპის პოზიციები 2 ქულით უკეთესია. ჩრდილოეთ კაროლინაშიც 1 ქულით ტრამპი ლიდერობს. თითქმის გათანაბრებულია კანდიდატების რეიტინგები პენსილვანიასა და ნევადაში. ვისკონსინში კი მცირე უპირატესობა ჰარისს აქვს. არიზონაში ტრამპის რეიტინგი ოდნავ უკეთესია, თუმცა არიზონის პროკურატურას ახლა გამოძიება აქვს დაწყებული იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ტრამპმა შტატის კანონი, სიკვდილით მუქარის შესახებ, როდესაც ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიქ ჩეინის შვილზე, რესპუბლიკელ ლიზ ჩეინიზე საუბრობდა.

კონსერვატიული ამომრჩეველთა გულის მოსაგებად, დონალდ ტრამპმა, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი ფრაზით თუ ვიტყვით, „დედა დედაა, მამა მამაა“ მეთოდიც გამოიყენა. „კამალა მათ უჭერს მხარს, ტრამპი კი თქვენ“ – ასეთ გზავნილს აწვდის მერყევ შტატებში მოქალაქეებს, უმცირესობის დისკრიმინაციული ონლაინ და სატელევიზიო რეკლამა, რომელშიც ტრამპის კამპანიამ, მილიონობით დოლარი დახარჯა. ეს იყო ერთგვარი თავდასხმა დემოკრატ კანდიდატზე, ტრანსგენდერი პატიმრებისთვის სქესის გადაკეთების ოპერაციებში ფინანსური თანადგომის გამო.

არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში კამალა ჰარისს მხარი დაუჭირა რეპერმა ქარდი ბიმ, რომელიც კანდიდატთან ერთად ვისკონსინში გამოჩნდა. წინა კვირას ჰარისს მხარდაჭერა ბიონსემ გამოუცხადა. უფრო ადრე კი ტეილორ სვიფტმა.

ასე ემზადება არჩევნებისთვის ამერიკის დედაქალაქი. ადგილობრივმა ბიზნესებმა ვიტრინებზე ხის დამცავი ბარიერები გააკრეს. დედაქალაქი ვაშინგტონი ყოველთვის ლურჯი იყო და არჩევნების შედეგი აქ მუდამ უცვლელია, თუმცა ყველაზე მტკივნეული გამოცდილება და ყველაზე დიდი ზარალი, წინა არჩევნებზე სწორედ ვაშინგტონმა მიიღო. კაპიტოლიუმზე თავდასხმიდან 4 წლის შემდეგაც ხალხის უმეტესობა არ არის დარწმუნებული, რომ წაგების შემთხვევაში, ტრამპი შედეგებს აღიარებს და სამოქალაქო არეულობა აღარ განმეორდება. არჩევნების დღეს, ვაშინგტონის უსაფრთხოებას, პოლიციის 3300 ოფიცერი დაიცავს.

დღის ამბები