27 დეკემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს - როგორც ჩანს, დავალებები იგვიანებს" - რატი იონათამიშვილი

"ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის" - ამის შესახებ "დღის კურიერში" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს, ვინაიდან "დავალებების მიცემა იგვიანებს".

"ოპოზიცია, სინამდვილეში, არც პარლამენტში და არც ქუჩაში არის, არის ფანჩატურში და, როგორც ჩანს, ფანჩატური არის ის მასშტაბი, რა მასშტაბსაც დღეს აგენტურული ოპოზიცია წვდება.

ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენ ვისმენთ, რომ ხვალ, ორშაბათს, შემდეგ დღეს იქნება გეგმა, გეგმა არ აქვთ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ იგვიანებს დავალებები. ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მათ საკუთარი გეგმები არ ჰქონდათ, ისინი მოქმედებდნენ დავალებების შესაბამისად, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ამ დავალებების გაცემაც იგვიანებს მათკენ და ვხედავთ მათ გზადაკარგულ ადამიანთა მარგინალური ჯგუფს და ესეც კანონზომიერი არის, რომ ასე ხდება.

როგორც ჩანს, ფსონის დადება ამ რადიკალურ ოპოზიციაზე უკვე აღარავის აღარ უნდა და მათ ძალიან მოაბეზრეს თავი ქვეყნის შიგნით საკუთარ ამომრჩეველსაც კი და ვხედავთ, რომ დღითიდღე მათი რაოდენობა იკლებს და მეორეს მხრივ, თავი მოაბეზრეს იმ დავალებების მიმცემებს, ვისაც ჰქონდა იმის იმედი, რომ ამ რადიკალური ოპოზიციის გამოყენებით ჩვენს ქვეყანაში არევდა სიტუაციას და მშვიდობას ომით ჩაანაცვლებდა. ცხადია, რომ ამ გეგმას აღსრულების არანაირი რესურსი და პოტენციალი არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება ახლა რასაც ხედავს, ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის უპასუხისმგებლო, ანტიეროვნული და რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლის.

საზოგადოებას ახსოვს, ჩვენ არჩევნების წინ ვამბობდით, რომ ეს რადიკალური აგენტურული ოპოზიცია იმსახურებდა, რომ კონსტიტუციის მიხედვით ყოფილიყო აკრძალული, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი ბერკეტის გამოყენება ჩვენ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ესენი თვითონ მიიყვანენ საკუთარ თავს გაარაფრებამდე, ეს კარგიც იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის, ვინაიდან, რაც უფრო ნაკლები და დასუსტებული იქნება რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო ძლიერი იქნება დემოკრატია საქართველოში", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

დღის ამბები