04 დეკემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"ქართული ოცნების" სარჩელი - 102 დადასტურებული ფაქტი და ჯამში 400-ზე მეტი შემთხვევა, რომელსაც მმართველი გუნდი იკვლევს

102 დადასტურებული ფაქტი და ჯამში 400-ზე მეტი შემთხვევა, რომელსაც მმართველი გუნდი იკვლევს - საუბარია, ოპოზიციის მხრიდან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნაზე. სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამ ფორმით ოპონენტებმა "ოცნების" მომხრეების ხმების სავარაუდო მოპარვა-განეიტრალება სცადეს. მამუკა მდინარაძემ დღეს კონკრეტული მხარდამჭერიც დაასახელა, რომელმაც ალეკო ელისაშვილის პარტიას მსგავს შეთავაზებაზე უარი უთხრა, თუმცა ის ოპოზიციური ძალიდან გლდანის ნაცვლად მაინც დუშეთში დაარეგისტრირეს.

როგორ შეიზღუდა ზურაბ ძებისაშვილის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ელისაშვილის პარტიის მიერ - ამ საკითხზე კურიერთან დღეს თავად საქმის მთავარმა ფიგურანტმა ისაუბრა. ზურაბ ძებისაშვილმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებთან კომუნიკაცია დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა. თქვა, რომ საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

პასუხისმგებლობის ტვირთი დღეს საკუთარ თანაგუნდელებზე გადაიტანა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა. ალეკო ელისაშვილი ირწმუნება, რომ არ იცის როგორ და რა პრინციპით არჩევდნენ საკუთარ პარტიაში უბნებზე დასანიშნ წარმომადგენლებს. ბრალდებებს უარყოფენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც".

ოპოზიცია რომ "ოცნების" მომხრეებისთვის ხმის მიცემის უფლების სავარაუდო მოპარვა- განეიტრალების მცდელობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს, მმართველ პარტიაში არ უკვირთ. ამბობენ, რომ ამომრჩევლის ნებაზე ამ ფორმით ზემოქმედების მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომლის დადგენის კომპეტენცია ახლა მხოლოდ პროკურატურისა და მიუკერძოებელი გამოძიების საქმეა.

საპარლამენტო არჩევნებიდან 13 დღის შემდეგ, სახელისუფლებო პარტიამ პროკურატურას ოპოზიციის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევის 102 ფაქტი წარუდგინა. "ქართული ოცნება" მომხრეების სავარაუდო განეიტრალების მცდელობის კიდევ 420 ფაქტს სწავლობს.

 

დღის ამბები