27 დეკემბერი 2024,   03:18
ვრცლად
130 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი თეთრ სახლში პაუზის შემდეგ დაბრუნდა - 78 წლის ტრამპს აშშ პრეზიდენტად მეორე ვადით ირჩევს

მეორედ ოვალურ კაბინეტში - დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება. პრეზიდენტის პოსტიც, სენატიც და დიდი ალბათობით წარმომადგენელთა პალატაც. ძალთა ბალანსი დარღვეულია. მთელი ძალაუფლება რესპუბლიკელების ხელშია. შეერთებული შტატების საარჩევნო რუკა კი თითქმის მთლიანად გადაწითლებულია.

ამერიკისა და მსოფლიოს ბედი გადაუწყვეტელმა შტატებმა გადაწყვიტეს. დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისი თითქმის ყველა ამ შტატში დაამარცხა, მათ შორისაა ჯორჯია, პენსილვანია, ვისკონსინი, არიზონა, ნევადა - ის შტატები, სადაც 2020 წლის არჩვენებზე იმავე ტრამპთან ბაიდენმა გაიმარჯვა.

"ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანა" - აცხადებს არჩეული პრეზიდენტი, რომლის ახალი ვადის ათვლა 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ დაიწყება, რაც შეეხება მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს უკვე მთელი მსოფლიო ულოცავს, დემოკატებს და კამალა ჰარიის დამარცხება ამ დრომდე არ უღიარებია. 

მკვლელობის მცდელობებისა და სასამართლო საქმეების მიუხედავად, იისფერი შტატების გაწითლება და მერყევი ამერიკელების გულის მოგება სწორედ მან შეძლო - წარსულში 45-ე, მომავალში კი 47-ე პრეზიდენტმა. 78 წლის ტრამპი ახალ ფურცელს იწყებს.

პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა, ჯორჯია, არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, უისკონსინი - მერყევი შტატებისთვის ტრამპის საიმიგრაციო და ეკონომიკური გზავნილები უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე დემოკრატების. არჩევნების ბედიც მათ გადაწყვიტეს. 279 ხმა 223-ის წინააღმდეგ - საარჩევნო კოლეგიასთან ერთად, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობაც რესპუბლიკელების სასარგებლოდ დაჯდა. მათ ამერიკელების 70 მილიონზე მეტმა მისცა ხმა. თვლა გრძელდება, თუმცა გამარჯვების სიტყვა ტრამპმა ოჯახისა და გუნდის წევრების თანდასწრებით უკვე წარმოთქვა. გუნდს მალე ილონ მასკი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რობერტ კენედიც შეუერთდებიან.

130 წლის განმავლობაში ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი თეთრ სახლში პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ტრამპისთვის თანამდებობა უცხო არ არის, თუმცა სიახლეა მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატისთვის. 20 იანვრის ინაუგურაციაზე ტრამპთან ერთად ფიცს, სწორედ ჯეი დი ვანსი დადებს. "ჩანს რომ კარგი არჩევანია" - ასე შეაფასა ტრამპმა პარტნიორი სცენაზე.

ტრამპისტები ზეიმობენ, რადგან იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი ინფლაციას დაასრულებს, შეამცირებს პროდუქტებზე და საცხოვრებელზე არსებულ მაღალ ფასებს.

განსხვავებული სულისკვეთება იყო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებში. საგრძნობი იყო იმედგაცრუება, რადგან დემოკრატებისთვის სასწორზე სხვა რამ იდო. 6 ნოემბრის შემდეგ კი ტრამპი მათთვის ქაოსის სინონიმია. პირველი კონტურების გამოჩენის შემდეგ კამალა ჰარისის ალმა მატერში, ჰოვარდის უნივერსიტეტში მოწყობილ სივრცეში, ამომრჩევლებს უთხრეს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ხმების საბოლოო დათვლას დაელოდება და ქვეყანას მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავს.

52 მანდატით რესპუბლიკელებმა კონტროლი დაიბრუნეს სენატზეც. წარმომადგენელთა პალატაში კი 200-ზე მეტი კონგრესმენით შედიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაპიტოლიუმზე კონტროლიც საპრეზიდენტო პარტიის ხელში იქნება - შესაბამისად, პრეზიდენტის კაბინეტის წევრების, ბიუჯეტისა თუ მოსამართლეების დამტკიცების პროცესში მომგებიან პოზიციაში იქნებიან. დემოკრატიულ პარტიას ქვედა პალატაში ჯერჯერობით 182 მანდატი ერგო.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რამდენიმე შტატში ამერიკელები ხმას აძლევდნენ რეპროდუქციული უფლებების საკითხს. აბორტის უფლების შენარჩუნებას უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

დღის ამბები