27 დეკემბერი 2024,   04:43
ვრცლად
"ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ბუდაპეშტში 40-მდე ქვეყნის ლიდერი ესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების განახლებას გამოიწვევს, შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის დაწყებამდე ევროპელ ლიდერებთან სასაუბროდ უნგრეთში ჩადის.

პირველი უცხოური ვიზიტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომლის მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე ირაკლი კობახიძე პანელურ დისკუსიაზე 7 ნოემბერს სიტყვითაც გამოვა. "ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა" - ამ თემაზე გააკეთებს მოხსენებას საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის 40-მდე ქვეყნის ლიდერის წინაშე, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთის პრემირი და თურქეთის პრეზიდენტიც იქნებიან.

ბუდაპეშტში თემატურ პანელებზე ასევე ისაუბრებენ მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებაც.

უნგრეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდა "კურიერის" გადამღები ჯგუფი.

"ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ზოგადად, რომელიც იქნა შექმნილი პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მექანიზმი იმისთვის, რომ პოლიტიკურად ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნები კიდევ უფრო მეტად დაახლოვდნენ.

პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში. პირველი ეს იქნება ეკონომიკური უსაფრთხოების თემატიკა. ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარება ჩვენი მთავრობისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ დისკუსიაში, რომელსაც თავმჯდომარეობს გერმანიის კანცლერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა და სიტყვით გამოვა ამ დისკუსიაში.

ვფიქრობ ასევე ძალიან მნიშვენელოვანია, პრემიერ-მინისტრი მიიღებს შემაჯამებელ სხდომაში მონაწილეობას, სადაც შეჯამდება ევროკავშირის წევრი და კანდიდატის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად ის დისკუსია, რომელიც გაიმართა მანამდე.

ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენთვის მსგავსი ტიპის პლატფორმაში მონაწილეობა წარმოადგენს ძალიან პრიორიტეტულს, რადგან ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ეს არის ევროპული ინტეგრაცია," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები