27 დეკემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"ოპოზიცია სოციალურ ქსელში მძვინვარებს, სინამდვილეში კი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სიმშვიდეა" - ყოფილი ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი

"რა სჭირს ამ საქართველოს?" - ამ სათაურით, ევროპარლამენტის ყოფილმა წევრმა, პოლონელმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა რიშარდ ჩარნეცკიმ tematy polityczne-ზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა.

როგორც ჩარნეცკი აღნიშნავს, ქართული ოპოზიცია სოციალურ ქსელში მძვინვარებს, სინამდვილეში კი საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში სიმშვიდეა.

"საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს დედაქალაქ თბილისში ოპოზიციის მეორე ქუჩის პროტესტი იმართება. უკვე მეორე - ან მხოლოდ მეორე პროტესტი. დასავლური მედიის რეპორტაჟების კითხვისას ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ თბილისი დუღს, მაგრამ თბილისში ყოფნისას ამას საერთოდ ვერ ხედავ. სოციალურ ქსელში ოპოზიცია მძვინვარებს, დედაქალაქის ქუჩებში კი სიმშვიდეა. ისევე, როგორც ე.წ. პროვინციებში.

მე არ ვარ სამხრეთ კავკასიის ექსპერტი, რადგან მის ქვეყნებში ოცდაათზე ცოტა მეტჯერ ვარ ნამყოფი. ეს საკმარისი არ არის გონიერებისთვის, მაგრამ საკმარისია, არ დაიჯერო პროპაგანდა, რომ ქართული ქუჩა და ოპოზიცია მალე დაამხობს ხელისუფლებას.

თბილისში ყოფნისას ვფიქრობდი იმ ფაქტზე, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები, რეალურად ნაკლებ ემოციას იწვევს, ვიდრე ოთხი წლის წინ ჩატარებული, სადაც მე ვიყავი ოფიციალური დამკვირვებელი ევროპარლამენტიდან. მაშინ "ქართულმა ოცნებამ" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა (2012, 2016, 2020 წწ.) და არჩევნების შემდეგ უფრო მეტი ინციდენტი და პროტესტი იყო, ვიდრე ახლა.

ახლა არჩევნებზე ქართველების საკმაოდ დიდი რაოდენობა მივიდა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკითხი მათთვის ფოკუსირების მთავარ თემად არ დარჩება. პირიქით, ეს არ "ათბობს" ადამიანებს, როგორც იმ დროს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს მეორედ მოიგებდა დროზე ადრე შეწყვეტილი პირველი ვადის შემდეგ; მაშინ ოპოზიციის დემონსტრაციების დროს 500-მა ადამიანმა მიიღო დაზიანება. მაშინ ჰაერში მხოლოდ ძალადობის და სისხლის სუნი არ იდგა - პროტესტის მასშტაბი შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე დღეს.

26 ოქტომბრის არჩევნები ქართველი ხალხისთვის ნამდვილად არ იყო "ყოფნა - არყოფნის" საკითხი, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ, ხმის მიცემის მიზნით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიდან მხოლოდ 95 000 ადამიანი დარეგისტრირდა. საბოლოო ჯამში კი, მათგან მხოლოდ 25 000-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

სხვა ქვეყანასთან შედარებით, რომელმაც ისევე, როგორც საქართველომ, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მოლდოვაში, გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა საზღვარგარეთ მცხოვრებმა 310 000-მა მოლდოველმა! ეს 12-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს შემთხვევაში!

რატომ იყო საქართველოში არჩევნების შედეგები ისეთი, როგორიც იყო? ეგზიტპოლებზე არ ვსაუბრობ, სადაც მათ შორის სხვაობა იყო ...14%, რაც მათ სრულიად არასანდოს ხდის. ყველამ იცის, რომ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ხელშია. ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% ასევე რუსეთის ჩექმის ქვეშაა (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი). ქართველებს, ევროპელ ერს, გულწრფელად უნდათ პოლიტიკურ ევროპაში, ანუ ევროკავშირში ყოფნა, მაგრამ ისევე გულწრფელად ეშინიათ "დიდ ძმასთან" კონფლიქტის გამწვავების. ამიტომ, უმეტესწილად, ისინი ხმას აძლევენ ისე, როგორც აძლევენ. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ დასავლეთით იმედგაცრუებული საქართველო მართლაც მიბრუნდეს რუსეთისკენ, მაშინ დასავლეთმა/ევროკავშირმა ზურგი არ უნდა აქციოს საქართველოს", - აცხადებს რიშარდ ჩარნეცკი.

დღის ამბები