08 ნოემბერი 2024,   14:49
ვრცლად
"ვფიქრობთ, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად "მესამე ძალად" - საზოგადოება "ქართული"

საზოგადოება "ქართული" ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს გაემიჯნონ "ნაციონალურ მოძრაობას". გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ "მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად მესამე ძალად."

აქვე, როგორც საზოგადოება "ქართული" წერს, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ არჩევნების შედეგების არაღიარება არის უმწიფრობის შედეგი, რასაც გარე ძალები იარაღად იყენებენ ქართულ პოლიტიკაში ქაოსის დათესვისა და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევისთვის. "ეს გარე ძალები შემდეგ თავად გვევლინებიან მომრიგებლის როლში" - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც წერია, რომ ბოიკოტი გარედან იმართება "ოცნების" მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო.

"უცხოური ინსტრუქციების ბრმად შემსრულებელი პოლიტიკური ლიდერების ქმედებაში სახელმწიფოებრივად არც ლოგიკა ჩანს და არც საღი აზრი. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას აპროტესტებენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, როდესაც მათ პარტიებთან დაკავშირებით ცესკოს მონაცემები თითქმის დაემთხვა "ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლებს, გამოდის, რომ ისინი აპროტესტებენ "ნაცმოძრაობის" მარცხს და იმას, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა?! ვფიქრობთ, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად "მესამე ძალად" იმით, რომ გახდნენ პრაგმატულები, კონსტრუქციულები და ქართულ თემებზე ორიენტირებულები.

სხვა თუ არაფერი, ამით ისინი იმასაც დაამტკიცებენ, რომ არ არიან ფარულ ალიანსში ნაციონალებთან და საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრება, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევარში მათთვის "ნაციონალური მოძრაობის" ხმების მობილიზების შესახებ - არ შეესაბამება სინამდვილეს. გლობალურად ნეოლიბერალიზმის მარცხისა და ამერიკაში კონსერვატორი ტრამპის დაბრუნების პირობებში, ეს მათთვის ისტორიის მიერ მიცემული შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ისინი გადაინაცვლებენ პოლიტიკურ სასაფლაოზე. ზემოთმოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ქართული პოლიტიკის აქილევსის ქუსლი იყო და არის ოპოზიცია - რომელსაც უცხოურ პოლიტიკურ წრეებთან პარტნიორობა პატრონყმობა ჰგონია და აზრს საკუთარ ამომრჩეველს კი არ ეკითხება, არამედ სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქში მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. ქართული პოლიტიკის პირველი ამოცანა დღეს არის ჯანსაღი, ქვეყნის და ერის ინტერესებზე ორიენტირებული ძლიერი ოპოზიციის შექმნა", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები