27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
"ამ შემთხვევაში, ეს სპეცრაზმელები არიან ე.წ. პაიკები, ძველი მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოყენებულები" - როინ შავაძის საქმეზე ბრალდებული ასლან ინაიშვილის ადვოკატი

როინ შავაძის საქმეზე ბრალდებული ასლან ინაიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 3 სპეცრაზმელს 12 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ სპეცრაზმელები მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და საქმის მთავარი ფიგურანტები "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მაღალჩინოსნებში უნდა ვეძებოთ.

"საქმეში, სადაც არ არის პირის მასრები, საქმეში, სადაც არ არის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში ასლან ინაიშვილის ხელმოწერა, საქმეში, სადაც პირმა არ იცის, თუ სად მიჰყავთ, თან, არ დაგვავიწყდეს, საუბარია სპეცრაზმელზე, ბუნებრივია, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, როგორც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

სადაც ერევა პოლიტიკა, ყველანაირი სამართლიანობის არსებობას ეკარგება საფუძველი. ამ შემთხვევაში, ეს სპეცრაზმელები არიან ე.წ. პაიკები, უშუალოდ, ძველი მთავრობის მაღალჩინოსნების მხრიდან გამოყენებულები," - აცხადებს ადვოკატი მარიამ ბარსონიძე.

შეგახსენებთ, რომ როინ შავაძის საქმეზე ბრალდებულებს, აჭარის კუდ-ის ყოფილ სპეცრაზმელებს - ასლან ინაიშვილსა და გელა გვიანიძეს, ასევე, მალხაზ აბულაძეს, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვიანიძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ - სასტიკ მკვლელობაში.

გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე როინ შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი - წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

დღის ამბები