26 დეკემბერი 2024,   16:37
ვრცლად
პუტინის მილოცვა სოჭიდან დონალდ ტრამპს და პირველი კონტაქტის პერსპექტივა - რა სქემა აქვს აშშ-ს ახალ პრეზიდენტს

ყინულის დნობა შესაძლოა სოჭის მთებიდან დაიწყოს, თუმცა არა როგორც გეოლოგიური, არამედ როგორც პოლიტიკური მოვლენა.

ვლადიმერ პუტინმა სწორედ იქიდან მიულოცა გამარჯვება დონალდ ტრამპს და კომპლიმენტებიც არ დაიშურა. “ერთად ახალ მსოფლიოში” - ამ სახელწოდების ვალდაის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონს შეუთვალა, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტთან საუბრისთვის მზადაა.

სიმამაცესთან ერთად, ტრამპს და მის გუნდს გონებამახვილობაც დასჭირდება, სიგნალი მიღებულია - ახლა ყველა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. ტრამპმა იცის, რა უნდა იყოს მისი პირველი ნაბიჯი, თუმცა ჯერ არ ამბობს.

უცნობია როდის, ცნობილია რაზეც - მთავარი თემა უკრაინაა. ვიდრე მოსკოვი და ვაშინგტონი გადაძახილის რეჟიმში არიან და არა გადარეკვების - პუტინმა ყველას შეახსენა, რომ 2022 წლის სტატუს კვოში დაბრუნება არ სურს და არც ზეწოლის ენით საუბარს მიიღებს. მთავარი კი რაც თქვა ისაა,რომ უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს. ამას კი მხოლოდ პუტინი და ტრამპი არ წყვეტს - კიევს სათქმელი აქვს.

შემდეგზე ბევრს არავინ საუბრობს, მათ შორის არც ვიქტორ ორბანი, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ თქვა,რომ მსოფლიო ომიდან მშვიდობაზე უნდა გადაერთოს. თუმცა რა პირობებით - თუ ყველასათვის მისაღები პირობა აქამდე არსებობდა - რატომ ვერავინ მოიფიქრა? - მსოფლიო დიპლომატიას საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა დასჭირდება იმისათვის, რომ დიპლომატიურ ნოუჰაუს მიაგნოს. ევროკავშირში უკრაინის ომის ფინალზე აზრები განსხვავებულია, თუმცა თანხმობაა იმაზე,რომ უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპა თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ჩართული.

მდგომარეობა ყველაზე რთულად უკრაინაშია. ქვეყანაში, რომლის ხალხიც რუსული აგრესიისგან თავს თითქმის 3 წელია გაბედულად იცავს. ომის სწრაფად დამთავრება კი მათი პრეზიდენტის თქმით დანაკარგებს გულისხმობს, რისთვისაც ქვეყანას ამდენი არ უბრძოლია. ვიდრე თეთრ სახლში ბაიდენია, კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება, ეს კი მინიმუმ იანვრამდეა გარანტირებული. როდესაც ოვალურ ოფისში ტრამპი შევა, პროგნოზების გაკეთება გაჭირდება. მოქმედი ადმინისტრაცია პუტინისა და ტრამპის პოტენციურ გარიგებას კრიტიკით შეხვდა.

როდის ისაუბრებენ თავისუფალი სამყაროს ლიდერად მიჩნეული ამერიკისა და ომის დანაშაულში მხილებული რუსეთის პრეზიდენტები, უცნობია. ცნობილია ის, რომ კიევისთვის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სავაჭრო თემა არ არის. ვიდრე დიპლომატები მსჯელობენ, ომი გრძელდება.დღეს რუსეთმა ხარკოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კვლავ შეუტია.დაჭრილია 30-მდე ადამიანი.

დღის ამბები