27 დეკემბერი 2024,   01:26
ვრცლად
შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიებას ითხოვს - რას პასუხობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს "ქართული ოცნება"

ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ საუბრობს. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების შესახებ არსებულ კითხვებს, პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა პრემიერმა, შარლს მიშელს თბილისიდან უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, მან ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და იმედი აქვს, რომ დასავლეთი სწორ დასკვნებს გამოიტანს, უნგრეთის დედაქალაქში გამართული შეხვედრის დეტალებზე, დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ევროპაში დასკვნების გამოტანამდე კი ოპოზიცია პროკურატურასთან თანამშრომლობასა და მტკიცებულებების წარდგენაზე უარს ამბობს. სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ევროპელ დიპლომატთან ისევ საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მმართველი გუნდი, ოპოზიციას პოლიტიკურ რეალობასთან შეგუებას ურჩევს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა, ქართველმა ხალხმა კი მათ ოპონენტებს სამართლიანი განაჩენი გამოუტანა.

ბარიერ გადალახული ოპოზიციური კოალიციები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაში არწმუნებენ, საქართველოში არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

 

დღის ამბები