08 დეკემბერი 2024,   13:36
ვრცლად
გამოძიება საარჩევნო დარღვევებზე - პროკურატურაში ამჯერად 3 პოლიტიკური პარტიის 4 წარმომადგენელი დაიბარეს

არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში, ამჯერად 3 პოლიტიკური პარტიის 4 წარმომადგენელი დაიბარეს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" თინა ბოკუჩავა, "ლელოდან" ირაკლი კუპრაძე და საბა ბუაძე, "ახლებიდან" კი თენგო თევზაძე - ყველა მათგანი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და მზად არიან გამოკითხვაზე მხოლოდ მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მივიდნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით მტკიცებულებები აქვთ, რაზეც საუბარს სასამართლოში აპირებენ.

მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე გამოიკითხა ოპოზიციის ერთი ნაწილი, მათ შორის, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი. დღეს პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ სასამართლოში დახურულ პროცესზე კენჭისყრის დღის მანიპულაციურ სქემებზე ისაუბრეს.

სახელისუფლებო პარტია დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მხოლოდ დეზინფორმაციით ცდილობს. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათი ოპონენტები ვერ დაამტკიცებენ იმას, რაც არ მომხდარა.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ გამოკითხვაზე პირველად პრეზიდენტი დაიბარა, მტკიცებულებების წარდგენისკენ სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო პარტნიორებმაც მოუწოდეს, თუმცა ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დღის ამბები