26 დეკემბერი 2024,   17:02
ვრცლად
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - ქართული გალობა და სიწმინდეები რომში

რომაული ცივილიზაციის წიაღში, პატარა იტალიური ქუჩის კუთხეში, კათოლიკური ეკლესიის გვერდით, ქართული გალობა ისმის. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში მრევლი თანდათან იკრიბება, მოდიან ბავშვებით, ოჯახებით. ემზადებიან სასულიერო პირები. რომში ეს ის ადგილია, სადაც წირვა - ლოცვა, უკვე წლებია, ქართულ ენაზე აღევლინება.

დღეს აქ განსაკუთრებული სამზადისია - ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უნდა მოაბრძანონ. ამ სიწმინდეებმა საქართველოში ყველა ეპარქია უკვე მოიარა, ახლა კი მოგზაურობას ქვეყნის საზღვრებს მიღმა დასავლეთ ევროპაში იწყებენ.

ქართული სიწმინდეების პილიგრიმული მოგზაურობა ქართული ეკლესიის ისტორიაში პირველად იწყება. ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი დათი კაკაბაძემ დაწერა, სანაწილის ჩასადები კი ფერისცვალების დედათა მონასტერში დამზადდა.

სიმბოლურია ისიც, რომ ტაძარში წირვა-ლოცვა წმიდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ემთხვევა.

მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ურგებაძე) პირველია, ვინც საბჭოთა ხელისუფლების დროს ბერად აღიკვეცა. სიცოცხლის ბოლო წლებში მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ცხოვრობდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ის წმინდანად 2012 წელს შერაცხა. ამის შემდეგ მისი საფლავი გაიხსნა და მამა გაბრიელი სამთავროს ტაძარში გადაასვენეს. სალოსი ბერის სხეული დღემდე უხრწნელია და მორწმუნეებს სწამთ, რომ სასწაულებრივი კურნების თვისება აქვს. საქართველოდან შორს, 3 872 კილომეტრის დაშორებით ჩვენი დროის წმინდანის ნაწილები რომში ჩააბრძანეს.

რომში, სან სალვატორე აიმონტის ტაძრის ამ კედლებში პატარა საქართველოა. ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ადგილი.

სამშობლოდან შორს მყოფების განწყობაც ამაღელვებელია და ემოციებიც. ამბობენ, რომ საქართველოდან შორს ისევ საქართველოთი ცხოვრობენ. სამშობლოში დაბრუნება სასწაულმოქმედ ხატთან მათი მთავარი სურვილია.

რომის პაპმა ფრანცისკემ ეს ტაძარი დასავლეთ ევროპის ეპარქიას 70 წლის ვადით გადასცა. სამრევლოს წინამძღოლი გვიყვება, რომ ამ დღეს რომში მცხოვრები ქართველები დიდხანს ელოდებოდნენ.

ქართველ ემიგრანტებთან ერთად ლოცულობს ქეთევან ბაგრატიონიც, მუხრანბატონების შტოს შთამომავალი. რომში საზოგადოება იტალიელთა და ქართველთა ერთობა - "წმინდა გიორგის ფარის" დამაარსებელი. საქართველოს სამგზის დიპლომატი ვატიკანში.

ამ გზას ვატიკანამდე მივყავართ, გალავნის შესასვლელთან ქალაქ - სახელმწიფოს საზღვრის დამცველები გვხვდებიან, შვეიცარიული გვარდიისა და ვატიკანის ჟანდარმერიის წარმომადგენლები. რომის პაპს მხოლოდ შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ, და დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპარადო ტანსაცმელს ატარებენ. კათოლიკური ეკლესიის ცენტრში, სადაც რენესანსის არქიტექტურის ყველაზე ცნობილი შედევრი დგას, მღვდელმთავრებმა ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილებს მიაბრძანეს.

წმინდა პეტრეს ბაზილიკაში , ქრისტეს მოციქულის საფლავის პატარა სამლოცველო პირველად ქართველი მრევლისთვის სპეციალურად გაიხსნა. ორი წმინდანის შეხვედრის ადგილას სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.

"კურიერი პიესის" ობიექტივში მოხვდა ის სასტუმროც, რომელიც წმინდა პეტრეს ტაძრის ეზოში დგას და რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპმა ფრანცისკემ არჩია ცხოვრება. თუმცა პაპი სტუმრებს სამოციქულო სასახლეში მასპინძლობს.

სიწმინდეების პილიგრიმული მოგზაურობა ფლორენციიდან დაიწყო, რომიდან კი ბარში გადაინაცვლებს. ამ დღეს რომში მცხოვრები ემიგრანტებისთვის ქეთევან დედოფლის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა.

დასავლეთ ევროპის ეპარქიაში სიწმინდეებმა მოგზაურობა "საზოგადოება ივერიისას" ინიციატივით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით დაიწყო. ფონდის მიზანი იყო, რომ ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ქართულ საგანძურთან კიდევ უფრო დაეახლოებინა და მათთვის საქართველო იტალიაში ჩაეტანა. ფონდმა საქმიანობა ათონის ივერთა მონასტრის ქტიტორების – იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების ტაძრის მშენებლობით დაიწყო. საზოგადოება ივერიისა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და მოქალაქეების შემოწირულობებით ფუნქციონირებს.

რომის ერთ პატარა ქუჩაზე, ტაძრიდან გამოსული ქართველი ემიგრანტები ისევ საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდებიან. იმ იმედით, რომ სასწაულმოქმედ ხატთან ნათქვამი სურვილები აუსრულდებათ და მალე საქართველოშიც გამოემგზავრებიან.

დღის ამბები