ინტენსიური სროლებია უკრაინაში. საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში "შაჰედის" დრონებით თავდასხმის გამო ჩაირთო.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს მიკოლაევი, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიაზე - არის მსხვერპლი, დაშავდა სულ მცირე 9 პირი, მათ შორის, არიან ბავშვები.
შეგახსენებთ, გუშინ დილით რუსეთის სხვადასხვა ოლქზე, მათ შორის მოსკოვზე დრონებით მასშტაბური შეტევა იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოგდებულია 96 დრონი, მათგან 34 მოსკოვის ოლქში. ამ ფაქტის გამო პარალიზებული იყო აეროპორტების მუშაობა.
უკრაინაში გაატარა ბოლო ორი დღე ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევის შემდეგ ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში იმყოფებოდა, რომელიც ომის დასაწყისში რუსული ჯარების ოკუპაციის ქვეშ მოექცა და რუსებს 200 კვადრატულ მეტრზე ნაკლებ სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული. ბორელი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა შეთანხმებით დასრულდება ომი, რუსეთს მოუწევს მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხი აგოს.