26 დეკემბერი 2024,   16:04
ვრცლად
თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან მარტივი მიზეზის გამო, მათი ნაწილი პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში - პრემიერი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტზე

"ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნულ პირებთან შეხვედრა ხელისუფლების მხრიდან მიზანშეწონილი არ იყო.

"რაც შეეხება ამ ვიზიტს, თქვენ იცით, როგორია ჩვენი პოზიცია, ჩვენ თავი შევიკავეთ ამ ადამიანებთან შეხვედრისგან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ დელეგაციის წევრთა ნაწილი იყო პირდაპირ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში და თავად არღვევდა უხეშად საარჩევნო პრინციპებს. როდესაც ის ადამიანები გვესაუბრებიან არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ვინც თავად არღვევდნენ საარჩევნო პრინციპებს, თავად ხედავთ რაშიც არის საქმე და ამას, პირველ რიგში, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს. არ შეიძლება შენ თავად არღვევდე საარჩევნო პრინციპებს, აკეთებდე ამას უხეში ფორმით და მერე საუბრობდე იმაზე, ხომ არ არის დარღვეული არჩევნების ორგანიზების დროს საარჩევნო პრინციპები. ასეთ ადამიანებთან შეხვედრა არ იყო მიზანშეწონილი. ამ დელეგაციაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არღვევდნენ თავად საარჩევნო პრინციპებს, არ იყვნენ ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, თუმცა ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ ჰქონდათ პირდაპირ საუბარი, მათ შორის, პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ, ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები