27 დეკემბერი 2024,   04:11
ვრცლად
თინა ბოკუჩავა, თენგო თევზაძე და საბა ბუაძე - არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, პროკურატურა ოპოზიციური სამეულის ჩვენებებს ელოდება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. თინა ბოკუჩავა საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას ენდობა.

პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული პარტია "ლელოს" წევრი საბა ბუაძეც, თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, კოალიცია "ძლიერ საქართველოშიც" აცხადებენ, რომ საგამოძიებო უწყების შეკითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებენ.

საგამოძიებო უწყების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. კოალიციიდან ის ერთადერთი არ არის, ვინც პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. ამჯერად, საგამოძიებო უწყება თენგო თევზაძის ჩვენებას ელოდება. ოპოზიციურ გაერთიანებაში ამბობენ, რომ საარჩევნო დარღვევების ამსახველი მტკიცებულებები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ის პროკურატურამ თავად უნდა მოიპოვოს.

სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს მტკიცებულებები არ აქვთ და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას პროკურატურისთვის უნდობლობის გამოცხადებით ცდილობენ. მმართველი გუნდის თქმით, არჩევნების გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით ჩატარებას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს.

არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება ერთდროულად სამ უწყებაში - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, სისხლის სამართლის 47 საქმეზე მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 4 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიკითხნენ. პირველად, პროკურატურაში გამოკითხვაზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაიბარეს. მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდეს ზურაბიშვილს საერთაშორისო პარტნიორებმაც, თუმცა ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დღის ამბები