06 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
დონალდ ტრამპი გამარჯვებულია - 47-ე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე დაიწყებს

დონალდ ტრამპი გამარჯვებულია - 47-ე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე დაიწყებს. უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება და ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა ისრაელის პირობებით. ტრამპი დანაპირების შესრულებას ახალი გუნდის დაკომპლექტებით იწყებს.

საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან პოსტზე დანიშვნის შეთავაზება უკვე მიიღო გაეროში შეერთებული შტატების მომავალმა ელჩმა, ელის სტეფანიკმა.

ეფექტური პოლიტიკის მნიშვნელობა დონალდ ტრამპის მრჩეველმა უკრაინის მაგალითზე განმარტა. ბრაიან ლანზამ მედიას უთხრა, რომ ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. ცნობილია ისიც, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ომის შეჩერების გზებზე ესაუბრა და ამერიკის მხარდაჭერა აღუთქვა. გამოცემა "აქსიოსი" წერს, რომ საუბარმა "ზელენსკის სასოწარკვეთის განცდა არ დაუტოვა". უკრაინული მხარე ამერიკას ომის სამართლიანი პირობებით დასრულებაში მხარდაჭერას სთხოვს.

პრეზიდენტობის პირველივე დღეს, ტრამპი პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს, - ეს განცხადება ტრამპის პრესმდივანმა გააკეთა. თავად ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის მზაობას NBC-თან ინტერვიუში ადასტურებს. გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ საუბარი უკვე შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინს მოუწოდა თავი შეიკავოს კონფლიქტის ესკალაციისგან და ევროპაში ამერიკელი სამხედროების ბაზირების შესახებაც შეახსენა. გამოცემის ვერსიით, საუბრის შესახებ ინფორმირებული იყო კიევიც. თუმცა პუტინი- ტრამპის სატელეფონო საუბარს არ ადასტურებს არც ოფიციალური კიევი და არც - მოსკოვი. 

უკრაინის ომის გარდა, სატელეფონო საუბრები უკვე შედგა ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შესახებ. ისრაელის პრემიერი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტრამპს სამჯერ ესაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მას და ტრამპს ირანიდან მომდინარე საფრთხესთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ.

მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირებას დონალდ ტრამპი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ პოზიციებზე ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს, რომელიც 20 იანვრისთვის უკვე დაკომპლექტებული იქნება.

ცნობილია, რომ თეთრი სახლის აპარატის უფროსის პოსტს სიუზი უაილსი დაიკავებს. უაილსი ამ თანამდებობაზე, ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი იქნება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები