14 ნოემბერი 2024,   04:59
ვრცლად
"მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!" - მესტიის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჭუბერისა და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში უკონტროლო კრიპტო მაინინგის გამო, "კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება", რის გამოც, ტრანსფორმატორი, მისი გადაწვის თავიდან ასაცილებლად, გათიშეს.

მერია მაინერების მფლობელებს მოუწოდებს, გათიშონ ე.წ. ბიტკოინების აპარატები.

"ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ!

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით.

აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან.

მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები!

გთხოვთ გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა.

მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება," - წერია მესტიის მერიის განცხადებაში.

დღის ამბები