26 დეკემბერი 2024,   21:04
ვრცლად
ოპოზიცია და საარჩევნო სიები - ოპოზიციის პოსტსაარჩევნო პერფორმანსი მმართველი გუნდისთვის მხოლოდ პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილია

უარი სადეპუტატო მანდატებზე და საარჩევნო სიის ჩახსნის მოთხოვნა ტელეკამერების წინ - ოპოზიციის პოსტსაარჩევნო პერფორმანსი მმართველი გუნდისთვის მხოლოდ პოლიტიკური პიარის შემადგენელი ნაწილია. საუბარია "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი ყოფილი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტებულ პარტია "ახალზე", რომლებმაც, 2020 წლის მსგავსად, სიების ჩახსნა ცესკო-ს პირდაპირ ეთერში, ხელმოწერების შეგროვების ფონზე მოსთხოვეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცედურა კანონმდებლობით ზუსტად არის გაწერილი. შესაბამისად, პარტიული სიების გაუქმების შესაძლებლობა ყველა მსურველს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ექნება.

რა სამართლებრივი ქვეტექსტი აქვს სიების ჩახსნის მოთხოვნას - ამ კითხვაზე პასუხი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ახალში" არ აქვთ. ამბობენ, რომ, კანონით, ეს შესაძლებელია, თუმცა არ ხსნიან, როგორ. პარტიები სხვა ბარიერგადალახულ ძალებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ, იმის დასამტკიცებლად, რომ პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს.

კოლეგების მხრიდან მსგავსი მოწოდების აუცილებლობას გახარიასა და ხაზარაძის პარტიებში ვერ ხედავენ. მათი თქმით, სიებზე უარის თქმას სატელევიზიო ეთერებში დემონსტრაციული ხელმოწერა არ სჭირდება, რადგან ამას კანონი არეგულირებს. პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.

"პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს ხალხი და არა პოლიტიკური პარტიები" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი დღეს ოპონენტების განცხადებებს. მთავრობის მეთაურის თქმით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტმა ამომრჩევლების მხრიდან მაღალი ლეგიტიმაცია უკვე მიიღო, ოპოზიცია კი, არჩეული ტაქტიკით, საკუთარი ელექტორატის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაცია 2 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მიანიჭა. არჩეული საკანონმდებლო ორგანო პირველ პლენარულ სხდომას ცესკოს საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში გამართავს. კანონით, სწორედ პირველი პლენარული სხდომის შემდეგ ექნებათ პარტიებს სიების ანულირების შესაძლებლობა.

დღის ამბები