27 დეკემბერი 2024,   04:09
ვრცლად
"ქართული ოცნება" პროკურატურაში 100-ზე მეტი ფაქტითა და მტკიცებულებით გამოცხადდა - სახელისუფლებო გუნდის მტკიცებით, ოპონენტები 26 ოქტომბერს მმართველი ძალის ხმების მოპარვა-განეიტრალებას ცდილობდნენ

"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ გორდულაძე, სამი საათის განმავლობაში, საგამოძიებო უწყებაში გამომძიებლების შეკითხვებს დეტალურად პასუხობდა. დეპუტატმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა იმ საარჩევნო მანიპულაციების შესახებ, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ არჩევნების დღეს ოპოზიციის წინააღმდეგ დააფიქსირა და შეისწავლა. საუბარია, ოპონენტების მხრიდან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნების საწინააღმდეგოდ, საარჩევნო უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დანიშვნაზე. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ამ ფორმით, ოპოზიციამ "ქართული ოცნების" მომხრეების ხმების სავარაუდო მოპარვა-განეიტრალება სცადა.

სახელისუფლებო პარტია დადასტურებულ 102 ფაქტზე საუბრობს, თუმცა, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ამ შემთხვევებს არ იცნობენ.

სახელისუფლებო პარტიაში დღეს კონკრეტული ფაქტები კიდევ ერთხელ დაასახელეს - თუ როგორ ცდილობდა ოპოზიცია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, მათი რეგისტრაციის ადგილის ნაცვლად, სხვა საარჩევნო უბნებზე დარეგისტრირებას, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღოთ. ოპონენტების მხრიდან ამ შემთხვევების უარყოფა მმართველ ძალას არ უკვირს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათ მიერ დასახელებული ფაქტები დანაშაულია და მას საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

სახელისუფლებო პარტიამ პროკურატურას ოპოზიციის მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევის 102 ფაქტი უკვე წარუდგინა. პარალელურად, "ქართული ოცნება" მომხრეების სავარაუდო განეიტრალების მცდელობის კიდევ 420 შემთხვევას სწავლობს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ, მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ეხება.

 

დღის ამბები