27 დეკემბერი 2024,   04:00
ვრცლად
ილონ მასკი, ვივეკ რამასვამი, კრისტი ნოემი - როგორ იქნება ამერიკის 47-ე პრეზიდენტის კაბინეტი

ტრამპის კაბინეტი ფორმას სწრაფად იღებს! ახალ ადმინისტრაციაში, კარიერულ პოლიტიკოსებთან ერთად, სულ უფრო მეტი ენტერპრენერი ხვდება. მათ შორისაა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანიც - ილონ მასკს "მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი" ჩაბარდა, შემოკლებით - "დოჯი". მას დახმარებას საქმეში, ფარმაცევტული კომპანიის დამფუძნებელი და ბიზნესმენი, ვივეკ რამასვამი გაუწევს.

ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი უწყება ამერიკული პოლიტიკისთვის სიახლეს წარმოადგენს, ამიტომ ზუსტად არავინ იცის მისი მანდატი და მოქმედების არეალი. თუმცა, ტრამპის მინიშნებით, ეს დეპარტამენტი მთავრობის გიდი და მრჩეველი იქნება ეფექტურობის საქმეში. ეს კი, პირველ რიგში, იმ 6,5 ტრილიონი დოლარის შემცირებას გულისხმობს, რომელიც ამერიკის მთავრობის ყოველწლიური ხარჯია. თავად მასკიც ფიქრობს, რომ მთავრობაში ზედმეტად ბევრი სააგენტო და ზედმეტად ბევრი ადამიანი მუშაობს. ის შემცირებებს ამზადებს, თუმცა სამთავრობო კადრებს 2-წლიან კომპენსაციებს ჰპირდება.

სამხრეთ დაკოტას გუბერნატორს, კრისტი ნოემს ტრამპი შინაგან საქმეთა მინისტრობას უპირებს. სავარაუდოდ, სწორედ ის იქნება პასუხისმგებელი არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის გაწმენდაზე, რაც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებაა. ნოემს მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევს ტომ ჰომანთან, რომელსაც გუშინ ტრამპმა საზღვრების უსაფრთხოება ჩააბარა. ნოემი მექსიკის საზღვართანაც ბევრჯერ ყოფილა და იქაურობას "საომარ ზონადაც" კი მოიხსენიებდა. ის ტრამპის ვიცეპრეზიდენტადაც კი განიხილებოდა, ვიდრე საკუთარ მემუარებში ზედმეტმა გულწრფელობამ ეს გზა არ ჩაუხერგა.

ტრამპის ჯერ არდამტკიცებულ ადმინისტრაციაში თავდაცვის მდივნის როლი "ფოქს ნიუსის" წამყვანს, ყოფილ ვეტერანს, პიტერ ჰეგსეთს ერგება, თუ რა თქმა უნდა, სენატი მას დაამტკიცებს. ის მანამდე ავღანეთში და ერაყში მსახურობდა, თუმცა მართის გამოცდილება არასდროს მიუღია. CIA-ის ჩაბარება სურს ტრამპს ჯონ რეტკლიფისთვის, ყოფილი ტეხასელი კონგრესმენისთვის, რომელიც მანამდე ფედერალურ პროკურატურასაც ხელმძღვანელობდა. უკვე ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა კონგრესმენ მაიკ უოლტსს ერგება. თუ გავრცელებული ინფორმაცია მართალია და ფლორიდის შტატის გუბერნატორი, მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობას ჩაიბარებს, ის იქნება პირველი ლათინო-ამერიკელი, ვისაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნდობას გამოუცხადებს.

გაეროში ელის სტეფანიკის დანიშვნის შემდეგ, ცნობილი გახდა სხვა დიპლომატიური თანამდებობებიც. ისრაელში გამგზავრებისთის ემზადება მაიკ ჰუკაბი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი - ის დიპლომატიურ მისიას ჩაიბარებს. კრიტიკოსები მის გამონათქვამებს იხსენებს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ "არ არსებობს ასეთი რამ, როგორიცაა პალესტინა ან დასავლეთ სანაპირო". ახლო აღმოსავლეთში მასთან ერთად გაემგზავრება დეველოპერი - სტივ ვიტკოფიც - გოლფში ტრამპის დიდი ხნის პარტნიორი და საპრეზიდენტო კამპანიის მთავარი დონორი. ის რეგიონში შტატების სპეციალური წარმომადგენელი იქნება.

დღის ამბები