27 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
"თუ ჩვენს განცხადებებს ცესკო დღესვე დააკმაყოფილებს, გარანტიას გაძლევთ, რომ ხვალ გახარიაც და "ლელოც" დაწერს მაგ განცხადებებს" - გიორგი ვაშაძე

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური საარჩევნო კომისია, მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ განცხადებას დააკმაყოფილებს, პარტია "საქართველოსთვისა" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრები მეორე დღესვე გააკეთებენ ანალოგიურ განცხადებას.

როგორც ვაშაძემ გადაცემა "ღამის კურიერთან" საუბრის დროს განაცხადა, იერარქიაში პირველი საქართველოს კონსტიტუცია დგას, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოდექსი მის ქვემოთაა და, შესაბამისად, ყველა კანონი, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არაკონსტიტუციურია.

"თუ ჩვენს განცხადებებს დღესვე დააკმაყოფილებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, გარანტიას გაძლევთ, რომ ხვალ გახარიაც და "ლელოც" დაწერს მაგ განცხადებებს. მე საკითხს ძალიან კონკრეტულად ვსვამ - ეს ადამიანები რომ ბაქიბუქობენ, ოპოზიცია არ გვჭირდება პარლამენტშიო, ხომ ამბობენ, რომ ვითომ ლეგიტიმაცია აქვთ... ჰოდა, შემიწყვიტეთ უფლებამოსილება. კანონს ისე მოაბამთ ყურს, როგორც მათ უნდათ, ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სისტემაში, კანონი არ არსებობს ამ ქვეყანაში. კანონს კითხულობენ ისე, როგორც უნდათ. ადამიანებს ექცევიან უკანონოდ.

[იერარქია ასეთია] კონსტიტუცია, ორგანული კანონი, მანამდე საკონსტიტუციო შეთანხმებები და აქეთ - ჩვეულებრივი კანონები. იერარქიაში პირველი კანონი არის კონსტიტუცია, კონსტიტუციას რაც ეწინააღმდეგება, ყველაფერი არის ანტიკონსტიტუციური. რანაირად შეიძლება, რიგითმა კანონმა დამიდგინოს ნორმა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები