07 დეკემბერი 2024,   19:15
ვრცლად
"თუ პრეზიდენტი შეკრების დღეს არ დანიშნავს, პარლამენტი თვითონ შეიკრიბება - კონსტიტუციაში ყველაფერი ნათლად წერია" - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს სიმბოლური უფლება, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი განსაზღვროს, მაგრამ თუ, ამა თუ იმ მიზეზით, ის არ დანიშნავს შეკრების დღეს, კანონმდებლობით, პარლამენტი თავად შეიკრიბება.

"კონსტიტუციაში ყველაფერი ნათლად წერია და მოქალაქეებისთვის გასაგებად რომ ვთქვა, ერთადერთი გენერალური არჩევნები, რითაც ირჩევა საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის პარლამენტი. პარლამენტი როდესაც აირჩევა და პარლამენტის არჩევასთან დაკავშირებით ცესკო შემაჯამებელ ოქმს გამოიტანს, ათი დღის განმავლობაში, პარლამენტი აუცილებლად უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტს აქვს სიმბოლური უფლება, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი განსაზღვროს. ისევე, როგორც პრეზიდენტს მიმართავს ხოლმე პარლამენტის თავმჯდომარე, როდესაც უნდა რიგგარეშე სესიის მოწვევა და თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე, საკუთარი აქტით, იწვევს ხოლმე პარლამენტს. ასე რომ, პრეზიდენტი არ არის იმ უფლებამოსილების მატარებელი პირი საქართველოს კონსტიტუციით, რომელსაც შეუძლია, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გააუქმოს - არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი გააუქმოს. საერთოდ, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებაც არ აქვს. თუ პრეზიდენტი არ დანიშნავს შეკრების დღეს, მეათე დღეს პარლამენტი თვითონ შეიკრიბება. არცერთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის არჩევნების შედეგებზე, პრეზიდენტს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

 

დღის ამბები