27 დეკემბერი 2024,   02:39
ვრცლად
"არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა, ხალხი გაიწიროს ვიღაც სხვა, დიდი ქვეყნების ინტერესების გამო" - კახა კალაძე

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გაიწიროს ვიღაც სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გამო, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, რასაც  საზოგადოება ხედავს უცხოელების მხრიდან, "ამის მარტივი მიზეზია ის, რომ ვერ შეძლეს ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა".

"რეალობა და ფაქტები მეტყველებს სხვა რამეზე. 25 ათასამდე დამკვირვებელი იყო აღნიშნულ არჩევნებში. აქედან 2 ათასამდე იყო უცხოელი დამკვირვებელი. კომისიების 25 ათასამდე წევრი იყო, ასევე პარტიების 25 ათასამდე წარმომადგენლები, ვინც უყურებდა არჩევნებს 3 111 უბანზე, ყველას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი. 75 ათას ადამიანზეა საუბარი. საჩივრების რაოდენობა. 2020 წელს, თუ სწორად მახსოვს 2 074 საჩივარი დაიწერა. 2024 წლის არჩევნებზე დაწერილია 1 100-მდე საჩივარი და საჩივრების შინაარსი რომ ნახოთ, ერთმა დამკვირვებელმა მეორე გადაკოცნა, ერთმა დამკვირვებელმა მეორეს თვალი ჩაუკრა, გაუღიმა. ამ ტიპის, ამ შინაარსის საჩივრებია დაწერილი. თქვე დალოცვილებო, თუ არჩევნები გაყალბდა, თუ ასეთი მძიმე რეალობის წინაშე ვიდექით, რატომ ვისმენდით იმ განცხადებებს, თუნდაც ამ უცხოელების მხრიდან, რომ არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, რატომ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის განცხადება, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, მრავალპარტიული, ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევანი გაეკეთებინათ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. რატომ იზეიმეს. თუ არჩევნები გაყალბდა და პრობლემური იყო, რა აზეიმებდათ მაშინ, ხომ არსებობს ეს კითხვები.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ უცხოელების მხრიდან, მარტივი მიზეზია, რომ ვერ შეძლეს ქვეყანაში, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა. ეს არის მარტივი მიზეზი და აგენტურა რისთვის სჭირდებათ? ის, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხნის განმავლობაში, რაზეც კაბინეტებში პირდაპირ მუქარები იყო, ხელის გადაგრეხის მცდელობა იყო. ერთი მიმართულებით თვითონ გამოვიდნენ და პირდაპირ, რასაც სხვებს ალაპარაკებდნენ, უკვე რეზოლუციაში ჩაწერეს, სანქციებზე მიერთება. პირდაპირ ვიტყვი, დღეს ხომ უკვე შემიძლია ამაზე ლაპარაკი, მინიშნებით ვსაუბრობდით, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლები ომის დაწყებასთან დაკავშირებით და კითხვას რომ ვსვამდით, კარგით, რაღაც პერიოდი შევძლებთ გავძლოთ, მაგარი ბიჭები გვყავს, მაგარი ჯარი გვყავს, მაგრამ დღეს ისეა ტექნოლოგიურად ყველაფერი განვითარებული და წინ წასული, მერე რას ვშვრებით. გარკვეული დროის შემდეგ რას ვშვრებით. პასუხი იყო საოცარი, პარტიზანულ ომზე უნდა გადავსულიყავით თურმე. წარმოგიდგენიათ? არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გაიწიროს ვიღაც სხვა დიდი ქვეყნების ინტერესების გამო.

ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმიტომ და დღესაც იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ვალდებულება გვაქვს, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს დავიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესი, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დავიცვათ ჩვენი ხალხი. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც ვიცით, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავითარ შემთხვევაში, ეს ვერ მოხდება ქვეყნის სუვერენიტეტის, ქვეყნის ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხარჯზე. სხვა შემთხვევაში, ღია ვართ", - აღნიშნა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE."

 

 

დღის ამბები