დღის ბოლოს დატოვა საქალაქო სასამართლო კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. ორი საათის განმავლობაში, არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებოდა.
სასამართლოდან გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების გაყალბების არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა აქვე დააფიქსირა, რომ საგამოძიებო უწყებას არ ენდობა და დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ობიექტურ შედეგს არ დადებს.
"ჩვენ მივუთითეთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროთაც არის გავრცელებული. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უკვე არის პროკურატურის ვალდებულება, რომ ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები.
ისეთი პროკურატურის პირობებში, რომელზეც ვიცით, რომ არ არის თავისუფალი და არის მმართველი ძალის კონტროლის ქვეშ, ჩვენ რაიმე ილუზია სიმართლის დადგენის შესახებ არ გვაქვს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურორი კი ამტკიცებს, რომ ჯაფარიძემ გაყალბების კონკრეტული წყარო ვერ დაასახელა.
"მოწმემ, სამწუხაროდ, კონკრეტული სახელები და გვარები ვერ დაგვისახელა, თუმცა გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით ისაუბრა - მაგალითად, ყალბი პასპორტის გამოყენება გარკვეულ შემთხვევებზე მარნეულის რეგიონში.
ჩვენს მიერ ეს კონკრეტული ინციდენტები აუცილებლად გადამოწმდება. მიმდინარეობს გამოძიება არამარტო საქართველოს პროკურატურაში, არამედ 50-მდე სისხლის სამართლის საქმეზე არის გამოძიება დაწყებული საქართველოს მასშტაბით. აქამდე დაკითხულ არცერთ მოწმეს, რომელმაც განცხადება გააკეთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, ისინი, ძირითადად, მიუთითებენ საჯარო წყაროზე," - აცხადებს პროკურორი ქეთევან ჩაჩავა.