27 დეკემბერი 2024,   05:21
ვრცლად
ლერი ხაბელოვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად მეოთხე ვადით არჩევას, დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვის მეოთხე ვადით არჩევას, ჰუალინგში შეკრებილმა დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტს 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ ხნის მანძილზე, ქართულ ყულაბას არა ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი შეემატა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში შედეგების გაუმჯობესების კუთხით, ახლად არჩეულ პრეზიდენტს იმ გუნდის ძირითადი ბირთვი დაეხმარება, ვისთან ერთადაც, წლების მანძილზე, ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

საქართველო 1993 წელიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია. იქიდან მოყოლებული, ქვეყანა დამოუკიდებლად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ შეჯიბრებებში და ყველა მნიშვნელოვან ოლიმპიურ ფორუმში. დღეს გამართულ სესიაზე, სეოკ-ის დაარსების 35 წლის იუბილეც აღინიშნეს. საუბარი შეეხო, 2025 წლის თებერვალში, საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მზადების მიმდინარეობას.

ღონისძიების დასასრულს, 2024 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენები პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დააჯილდოვეს. ლერი ხაბელოვმა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო მედლები გადასცა.

დღევანდელ ცერემონიას, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, სხვადასხვა თაობის ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და სპორტის მოღვაწეები ესწრებოდნენ.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები