ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანის სხეული 40-60 წლის ასაკში მკვეთრ ცვლილებებს განიცდის.
ბევრი ადამიანი, 40 წლის ასაკის გადალახვის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების ნიშნებს ამჩნევს. სხეული არ მუშაობს ისე, როგორც ადრე, დაზიანებები უფრო ხშირად ხდება, კუნთები მოდუნებულია და ა.შ.
ახალი კვლევა რომელიც Nature Aging-ში გამოქვეყნდა ცხადყოფს, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაქვეითება. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოლეკულები და მიკროორგანიზმები, როგორც ჩვენს სხეულში, ისე მის გარეთ რადიკალურ ცვლილებებს განიცდიან - ჯერ 44 წლის ასაკში და შემდეგ ისევ - 60 წლის ასაკში. ამ ცვლილებებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობასა და იმუნურ ფუნქციებზე.
შედეგები, რომლებიც სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს, მრავალწლიან დაკვირვებას და ექსპერიმენტებს ეფუძნება. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 25-დან 75 წლამდე ასაკის 108 მოხალისის სისხლი და სხვა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებიც ნიმუშების დონაციას რამდენიმე წლის განმავლობაში ეწეოდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ბერდება, არსებობს ორი პერიოდი, როდესაც ყველაფერი მართლაც რადიკალურად იცვლება” - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაიკლ სნაიდერმა.
მისი განმარტებით, “პირველი დიდი ცვლილება ხდება ლიპიდურ მეტაბოლიზმში, როდესაც ადამიანები 40 წელზე მეტი ასაკის ხდებიან, ხოლო მეორე ცვლილება, ნახშირწყლების მეტაბოლიზმში აისახება, როდესაც ადამიანები 60 წელს გადასცდებიან”.
მეტაბოლური ცვლილებები, რომლებიც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, არ მიუთითებს იმაზე, რომ 40 წლის შემდეგ ადამიანები უფრო ნელა წვავენ კალორიებს, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ასაკის შემდეგ, სხეული საკვებს სხვაგვარად ანაწილებს. მეცნიერებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები ადამიანის ჯანმრთელობაზე.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ დასვენების დროს, ენერგიის მოხმარება ან მეტაბოლური მაჩვენებელი, 20 წლიდან 60 წლამდე არ იცვლება. ახალი კვლევის შედეგები ამ მონაცემებს არ ეწინააღმდეგება.
მეტაბოლური ცვლილებები გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის რეაქციაზე ალკოჰოლის ან კოფეინის
მიღების დროს, თუმცა ეს ჯანმრთელობაზე რა ზემოქმედებას ახდენს ჯერ კიდევ არ არის ნათელი. კოფეინის შემთხვევაში, ამან შეიძლება უფრო მაღალი მგრძნობელობა გამოიწვიოს.
სნაიდერის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული ცვლილებები ცხოვრების წესთან, ან ქცევით ფაქტორებთან არის თუ არა დაკავშირებული. მისი თქმით, ალკოჰოლის მეტაბოლიზმში ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები 45 წლის ასაკში უფრო მეტ ალკოჰოლს იღებენ.
ამასთან, სნაიდერი 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს ურჩევს ყურადღებით ადევნონ თვალი ლიპიდებს, განსაკუთრებით კი ქოლესტერინს.