26 დეკემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ღეროვანი უჯრედების გადანერგვამ 3 პაციენტს მხედველობა დაუბრუნა - იაპონელი მეცნიერების უპრეცედენტო ექსპერიმენტი

იაპონელმა მეცნიერებმა თვალის რქოვანას აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. მათ ლიმბალური ღეროვანი უჯრედების დეფიციტის მქონე ოთხ პაციენტს მკურნალობა ახალი ტექნოლოგიით ჩაუტარეს, რამაც სამ მათგანს დაბინდული მხედველობა აღუდგინა. ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ, პაციენტებს არ აღმოაჩნდათ რაიმე მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი, ხოლო მათი რქოვანას ფუნქცია და მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესდა.

კვლევის მონაწილე ოთხივე პაციენტს ლიმბალური ღეროვანი უჯრედების ნაკლებობა აღენიშნებოდა, რაც რქოვანას გარშემო მდებარე ლიმბალური რგოლის დაზიანებით გამოწვეული მდგომარეობაა. ჩვეულებრივ, ეს უჯრედები რქოვანას რეგენერაციას უზრუნველყოფენ, მაგრამ მათი დეფიციტის შემთხვევაში, აღდგენის პროცესი შეფერხებულია და მხედველობა ნელ-ნელა ქვეითდება.

მეცნიერებმა ჯანმრთელი დონორების სისხლიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები ლაბორატორიულად დაამუშავეს, რქოვანას ეპითელური ქსოვილები შექმნეს და შემდეგ პაციენტების დაზიანებულ რქოვანაზე გადაიტანეს. პროცედურის შემდეგ, რქოვანას სპეციალური კონტაქტური ლინზა იცავდა.

შვიდი თვის განმავლობაში, ყველა პაციენტის მხედველობა გაუმჯობესდა, თუმცა ერთ წელში ერთ-ერთი პაციენტის, 39 წლის ქალის მდგომარეობა ისევ გაუარესდა. მას სხვა პაციენტებთან შედარებით ყველაზე მწვავე დაზიანება ჰქონდა. საუკეთესო შედეგი 44 წლის ქალმა და 66 წლის კაცმა მიიღეს, რომელთაც რქოვანას ფუნქცია თითქმის სრულად აღუდგათ. მესამე პაციენტს შედარებით ნაკლები გაუმჯობესება დაეტყო, რასაც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, იმუნური სისტემის რეაქცია განაპირობებდა.

მსოფლიოში ლიმბალური რქოვანას დეფიციტით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება 12.7 მილიონ ადამიანს აწუხებს. მათი უმრავლესობისთვის პრობლემის გადაწყვეტა კვლავაც შეზღუდულია, რადგან მხოლოდ ერთეულებს აქვთ ქსოვილის გადანერგვის შესაძლებლობა. ახალმა ტექნოლოგიამ შესაძლოა მნიშვნელოვანი შვება მოუტანოს პაციენტებს, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭირო იქნება დამატებითი კვლევები, რათა პროცედურის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საბოლოოდ დადასტურდეს.

კვლევის დეტალები და შედეგები სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

დღის ამბები