26 დეკემბერი 2024,   17:05
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი პოლიტიკურ ოჯახს აფართოებს და თანამოაზრეებს იკრებს - როგორი იქნება დონალდ ტრამპის საშინაო და საგარეო პოლიტიკა

ტრამპის გუნდი წინააღმდეგობრივია, მას ერთი რამ აერთიანებს - პრეზიდენტის მიმართ ლოიალობა. ამის გამო ახალ ადმინისტრაციას ბევრი აკრიტიკებს, რადგან ამერიკა პოლიტიკური იდეის ირგვლივ გაერთიანებას მიეჩვია. თუმცა 5 ნოემბრის არჩევნებმა ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა.

ტრამპის რჩეულების ნაწილის პროგნოზირება რთულია, ისევე როგორც თავად ტრამპის. არჩეული პრეზიდენტის მიერ კაბინეტისთვის დასახელებული ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურა, 42 წლის მეტ გაეცია - გენერალური პროკურორობის კანდიდატურა. სრულწლოვანთან სექსუალურ სკანდალში გახვეული კონგრესმენი, რომელზეც თითქმის 3 წელია გამოძიება მიმდინარეობს და მასზე კაპიტოლიუმში ეთიკის კომისიის დასკვნაც კი მომზადდა. გაეცმა კონგრესი დოკუმენტის გასაჯაროებამდე, ოთხშაბათს დატოვა. სავარაუდოდ,იმ გათვლით,რომ ამით არასასიამოვნო პროცესს შეაჩერებდა - თუმცა სენატის დემოკრატებს მაინც ვერ გაექცა. მის კანდიდატურას რესპუბლიკელების ნაწილიც ეწინააღმდეგებიან.

პროკურატურამდე კი ყველაზე დიდი შოკი პენტაგონს ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი თავდაცვის მდივნობას გამოცდილი ლოიდ ოსტინის შემდეგ, ფოქს ნიუსის წამყვანს - პიტ ჰეგსეთს უპირებდა. 44 წლის ვეტერანის კარიერას ადმინისტრაციული თანამდებობები არ ახსოვს,თუმცა ახსოვს ერაყსა და ავღანეთში მსახურება და მსოფლიოს ყველაზე საშიში დამნაშავეებით სავსე გუანტანამოს ციხის გარნიზონის ასმეთაური ყოფნის ეპიზოდიც. ჰეგსეთი ტრამპთან ჟურნალისტის ამპლუაში დამეგობრდა, პრინსტონისა და ჰარვარდის დიპლომები კი მისთვის დამატებითი ბონუსი გახდა. ბაიდენის ხალხი მას ექსტრემისტად განიხილავდა, მათ შორის მისი ტატუირების გამო - რაც გახდა კიდეც ბაიდენის ინაუგურაციაზე მისი დაბლოკვის მიზეზი. უკვე ცხადია,რომ ის პენტაგონის კულტურის შეცვლას გეგმავს, რადგან ღიად ამბობს,რომ საომარ მოქმედებებში ქალის როლს ვერ ხედავს. 3 და 4 ვარსკვლავიან გენერლებს კი, რომლებიც პროგრესული ხედვებით გამოირჩევიან - გათავისუფლებას უპირებს.

კიდევ ერთი კანდიდატურა, რომელზეც ვაშინგტონნის პოლიტიკური წრეები აქტიურად დავობენ და კამათობენ - ტულსი გაბარდია - მას ტრამპი დაზვერვის შეფის თანამდებობაზე განიხილავს. გაბარდი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში დემოკრატი იყო, ბოლო წლებია კი რესპუბლიკელია. მის არწივში გვხვდება წინააღმდეგობრივი გამონათქვამები.მაგალითად: ბაშარ ალ ასადის რეჟიმს ის მტრად არ განიხილავდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს კი თქვა,რომ ეს არ მოხდებოდა აშშ-ის რუსეთის პრეტენზიები რომ გაეთვალისწინებინა. მას კრიტიკოსები ხშირად სდებდნენ ბრალს რუსული პროპაგანდის გატარებაში. გაბარდი უკრაინის ნეიტრალიტეტს ემხრობა.

წინააღმდეგობრივი გამოდგა ტრამპის არჩევანი ჯანდაცვის მდივნის თანამდებობაზეც. რობერტ კენედი უმცროსი, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი იყო,შემდეგ რბოლა შეაჩერა და ტრამპს დაუჭირა მხარი. პრეზიდენტმა ის ჯანდაცვის მინისტრის პორტფელით დაასაჩუქრა, რაშიც სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - კენედი ანტივაქსერია. პანდემიისას მას ხშირად დებდნენ ბრალს კოვიდ ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ის ვაქცინას აუტიზმთანაც კი აკავშირებდა.

ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ანუ ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაზე ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო იქნება პასუხისმგებელი. მომავალი სახელმწიფო მდივანი - კუბელი ემიგრანტების ოჯახიდანაა. 2016-ში რესპუბლიკურ პარტიაში პრეზიდენტობის კანდიდატურის მოპოვებას ტრამპსაც კი ეცილებოდა - ერთმანეთს ხშირად აკრიტიკებდნენ და ბოროტადაც ხუმრობდნენ. თუმცა წელს ის ტრამპის მხარეს დადგა. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით სენატორი რუბიო ხისტ მოთამაშედ განიხილება. არ სწყალობს ჩინეთის, ირანისა და ვენესუელას ხელისუფლებებს. უკრაინის გამარჯვება სურს, თუმცა კიევის დაფინანსებას მხარს არ უჭერს.

დონალდ ტრამპმა საკუთარი არჩევანი თითქმის ყველა მოწინავე თანამდებობაზე უკვე დაასახელა, მათ ნაწილს შეთანხმება არ სჭირდება, ასეთია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა, თუმცა სხვა ნაწილს კონგრესისა და სენატის ხმები დასჭირდებათ.ეს ყველაფერი კი მომავალ წელს, ინაუგურაციის შემდეგ მოხდება.

დღის ამბები