27 დეკემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ოთხი ოპოზიციური გაერთიანება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს და ითხოვს, ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე შეაჩეროს ურთიერთობა

პარტიებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილი გაუგზავნეს.

საბჭოს დღეისთვის დაგეგმილი სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წევრებს მიმართავენ - არჩევნებს თაღლითურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ, მისი აღიარებით, საქართველო ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, მოუწოდებენ ევროკავშირს, გამოგზავნოს სპეციალური მისია, რომელიც გამოიძიებს არჩევნებს, ასევე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და დააფიქსიროს პოზიცია, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

მოწოდებებს შორისაა, ევროკავშირმა შეაჩეროს საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები.

პარტიების მოწოდებები:

1. ევროკავშირის ხელმძღვანელობით ფაქტების დადგენისა და შეფასების მისიის ინიცირება, 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის დადგენის მიზნით მომდევნო 30 დღის განმავლობაში. არჩევნების გაყალბების ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების მიზნით შეფასდეს საარჩევნო ინსტიტუტების რაციონალობა;

2. მოუწოდოს საქართველოს მთავრობას არ მოიწვიოს პარლამენტის სხდომა, იქამდე ვიდრე საერთაშორისო შეფასება არ იქნება. გასაგები გახდეს, რომ მოწვევის შემთხვევაში ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია;

3. მკაფიო განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესები შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო;

4. მოქმედ მთავრობასთან ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, იქამდე, ვიდრე ისინი პროცესის საერთაშორისო გამოძიებას არ დათანხმდებიან;

5. ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის გამოძიების შედეგების ცნობამდე.

"ჩვენ ვთავაზობთ: - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დახმარების სახსრების გადანაწილებას - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას. ჩვენი საბოლოო მოთხოვნა ცალსახაა: ახალი 2025 წლის არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

დღის ამბები