27 დეკემბერი 2024,   04:49
ვრცლად
თბილისის მეტროსთვის საერთაშორისო სტანდარტების 100-მდე ვაგონის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება.

"მეტროს ვაგონების განახლების პროექტი მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. 2017 წლიდან ყველა არსებული ვაგონის რეაბილიტაცია განხორციელდა მათი საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივების მიზნით, თუმცა ზოგიერთი ვაგონის ვადა 2026 წლიდან ეტაპობრივად ამოიწურება და ამისთვის აუცილებელი იყო, მომხდარიყო სრულიად ახალი, თანამედროვე ვაგონებით მათი ჩანაცვლება. ამისთვის მომზადდა შესაბამისი ტექნიკური დავალება და სატენდერო დოკუმენტაცია, ჩატარდა ბაზრის კვლევები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციიდან მოზიდული იქნა შესაბამისი დაფინანსება.

მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 15 ნოემბერს გამოცხადდა ტენდერი 97 ერთეულ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვაზე. ტენდერი 2025 წლის 15 იანვარს გაიხსნება. დაინტერესებული კომპანიებისათვის სათანადო ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ინფორმაციის დასაზუსტებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას", - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილია 2026 წლის ბოლოდან.

"პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 7 წელს, რომლის ფარგლებშიც, 2030 წლის ჩათვლით ეტაპობრივად მოწოდებული იქნება თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული 22 მატარებელი (13 ერთეული 4-ვაგონიანი და 9 ერთეული 5-ვაგონიანი). ვაგონების პირველი პარტიის მიღება დაგეგმილი გვაქვს 2026 წლის ბოლოდან. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, აღნიშნული პროექტის თანადაფინანსებას ახორციელებს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) შესყიდვის ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 200 მლნ ევროს. ეს მეტროს ვაგონების განახლების პირველი ეტაპია.

მეტროში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით ჯამში გვესაჭიროება მინიმუმ 212 ვაგონი. შესაბამისად, ეს პროექტი გაგრძელდება ძველი ვაგონების სრულ ჩანაცვლებამდე და უახლოეს წლებში დამატებით შესყიდული იქნება კიდევ 115 ვაგონი", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი მატარებლები იქნება ე.წ. "გამჭოლი" ვაგონებით; "ახმეტელი-ვარკეთილის" ხაზს, დღეს არსებული 4-ვაგონიანი მატარებლის ნაცვლად, მოემსახურება 5-ვაგონიანი მატარებლები, რითაც გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის მოცულობა და გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი.

დღის ამბები