24 დეკემბერი 2024,   22:16
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან - პოლიციამ აქტივისტები წინასწარ გააფრთხილა და ტერიტორიის დასატოვებლად 15 წუთი მისცა

ჭავჭავაძის გამზირზე დემონსტრანტები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიიდან მათ გაყვანამდე, აქციის მონაწილეები მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ამჯერადაც გააფრთხილეს და ადგილის გასათავისუფლებლად 15 წუთი მისცეს.

გაფრთხილების დროს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და პოლიციას შორის - ვაშაძე 15 წუთის ნაცვლად 40 წუთს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.

სიტყვიერი გაფრთხილების პარალელურად, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ტექსტში ნათქვამია, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი დაუშვებლად მიიჩნევს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვას, თუ არ არის დემონსტრანტთა საკმარისი რაოდენობა. უწყებამ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ გზა და პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებში გამოხატონ.

დღის ამბები