27 დეკემბერი 2024,   16:35
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ეროვნული ინტერესი მარტივია - გავამთლიანოთ სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო

"35 წლის წინ საქართველომ საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის პროცესი დაიწყო. მომაკვდავი იმპერიისგან განთავისუფლების გზა თხუთმეტივე რესპუბლიკისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. ზოგი პირველი ჟამის მუშაკი აღმოჩნდა, ზოგი კი მეთერთმეტის. ამ ურთულეს კატაკლიზმს ზოგი უვნებლად დაუძვრა, ზოგი ნანგრევებმა მოიყოლა, ზოგმა კი ზომაზე მეტი ფასი გადაიხადა. საქართველოს თავისუფლების მოპოვების გზა ძვირად დაუჯდა. სწორედ ამიტომ სჭირდება ჩვენს მონაპოვარს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, წელს ჩვენ ვიზეიმეთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობის 33 წლისთავი. ამ ისტორიულ დღეს, რეფერენდუმზე ქართველმა ხალხმა თავისი უზენაესი ნება განაცხადა, ყოფილიყო დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი.

"რეფერენდუმიდან ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი სუვერენიტეტი და შევუდექით დამოუკიდებლობის განხორციელების რთულ და ეკლიან გზას. გოლგოთისკენ მიმავალ ამ გზაზე არაერთხელ შევფერხდით, ჩავიმუხლეთ, სიმწარე ვიწვნიეთ, თუმცა ავად თუ კარგად, დღევანდელ დღემდე მოვაღწიეთ.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც დე-ფაქტო რეფერენდუმის სახით შედგა. ქართველი ხალხი დადგა ცალსახა არჩევანის წინაშე, როგორი მომავლისთვის დაეჭირა მხარი. აერჩია თავქარიანობა თუ აერჩია გონიერება, აერჩია ინფანტილიზმი თუ აერჩია სიმწიფე, აერჩია უცხო იდენტობა თუ აერჩია ტრადიციული ფასეულობები, აერჩია ქვეშევრდომობა თუ აერჩია დამოუკიდებლობა.

ხალხმა თქვა თავისი სიტყვა და აირჩია "ქართული ოცნება". ხალხმა მოგვანიჭა თავისი უზენაესი ლეგიტიმაცია და სწორედ ამიტომ მე ვდგავარ აქ, თქვენს წინაშე, აღჭურვილი სიმართლით და საკუთარი მისიის სრული გაცნობიერებით, ვემსახურო სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას, ერთიან საქართველოს.

მე ვდგავარ აქ, რათა თქვენთან ერთად ვემსახურო ჩვენს ეროვნულ ინტერესს. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი მარტივია - ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. კეთილდღეობა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ეს არის ჩვენი ქართული ოცნება: ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები