26 დეკემბერი 2024,   22:56
ვრცლად
აშშ-ში ინფლუენსერს, რომელმაც კონკურენტის, ყოფილი შეყვარებულისა და ინტერნეტ "ჰეითერის" მკვლელობა დაუკვეთა, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

დალასში მცხოვრებ 35 წლის ეშლი გრეისონს, რომელიც ონლაინ ბიზნესის მფლობელი და ცნობილი ინსტაგრამ ფიგურა იყო, ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრეისონს ბრალი3 მკვლელობის დაკვეთაში ედება.

2021 წელს გრეისონს კონფლიქტი მოუვიდა მისისიპის შტატში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ასევე ონლაინ ბიზნესს მართავდა და მის კონკურენტად მიიჩნეოდა. გრეისონი დარწმუნებული იყო, რომ მისი კონკურენტი სოციალური ქსელის ყალბ ანგარიშებს ქმნიდა და მის საქმიანობას უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა.

2022 წლის სექტემბერში, გრეისონმა მემფისში მცხოვრებ წყვილს თანხა შესთავაზა სამი ადამიანის - მისისიპში მცხოვრები კონკურენტი ქალის, თავისი ყოფილი შეყვარებულისა და კიდევ ერთი ინტერნეტ "ჰეითერის" მკვლელობის სანაცვლოდ. გრეისონი მზად იყო, თითო მკვლელობაში $20,000 გადაეხადა.

მემფისელმა წყვილმა დაკვეთა არ შეასრულა, თუმცა გრეისონს ცრუ მტკიცებულება წარუდგინა და მისგან $10,000 მიიღო.

2023 წელს გრეისონსა და მის მეუღლეს ბრალი მკვლელობის დაკვეთისთვის წაუყენეს, თუმცა სასამართლომ ქმარი უდანაშაულოდ სცნო, ხოლო გრეისონს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურორმა შემთხვევას "21-ე საუკუნის დანაშაული" უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საქმე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტში დაწყებული კონფლიქტი რეალურ სამყაროში გადმოვიდეს და საკმაოდ ბრუტალური ფორმა მიიღოს.

წყარო: Foxnews

დღის ამბები