26 დეკემბერი 2024,   23:04
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს - როგორია პროცედურა

საქართველოს ისტორიაში პირველად, საყოველთაო არჩევის წესის ნაცვლად, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ახალი პრეზიდენტის არჩევა ამერიკული მოდელით მოხდება, რომელიც უმაღლესი ლეგიტიმაციით დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას და პროცედურას გულისხმობს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება და, კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ საკანონმდებლო ორგანო ადგენს საარჩევნო თარიღსაც.

საარჩევნო კოლეგია, რომელიც პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით აირჩევს, 300 წევრისგან დაკომპლექტდება. კოლეგიაში შედიან პარლამენტის 150-ვე დეპუტატი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს - 20 დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი - 21 დეპუტატი და მუნიციპალიტეტების საკრებულოების 109 წარმომადგენელი. პრეზიდენტის არჩევნებს ორგანიზებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუწევს.

პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარ ჯგუფს. პრეზიდენტის არჩევას სამასკაციანი საარჩევნო კოლეგიის ხმათა უმრავლესობა სჭირდება. კოლეგიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 ხმის გამოკლებით, 280 მანდატიდან 156-ს "ქართული ოცნება" ფლობს, 124 მანდატი კი სხვა პარტიებზეა გადანაწილებული. ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს, არც საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებას აპირებს.

ვინ იქნება მმართველი გუნდის კანდიდატი - უმრავლესობის ლიდერმა დღეს დაადასტურა, რომ კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდი უკვე შეჯერებულია. დღეს სახელისუფლებო პარტიის წევრებმა კონსტიტუციის ის ნორმაც განმარტეს, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები ახალარჩეული პარლამენტის, პირველი სხდომის გამართვიდან, 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

პრეზიდენტის ასარჩევად, კოლეგიის შემადგენლობის 2/3 ანუ 200 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებიდან ხმების შესაბამის რაოდენობას ვერავინ მოაგროვებს, მეორე ტური ჩატარდება. საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

დღის ამბები