06 დეკემბერი 2024,   15:48
ვრცლად
28 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 43 დემონსტრანტი დააკავეს - ადვოკატები დაკავების დროს მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობენ

28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, დროებითი მოთავსების იზოლატორში ეტაპობრივად შეიყვანეს. სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, დაკავებულებთან ადვოკატები შევიდნენ. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატებმა თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების უმეტესობას დაკავებისას მიღებული დაზიანებები ემჩნევათ.

დაკავებული, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა უკვე კლინიკაშია. ახალგაზრდა მამაკაცი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაკავებულებს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი კანონდარღვევის ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა.

ადმინისტრაციული წესით, სულ 43 დემონსტრანტია დაკავებული. დაკავების დეტალები, დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განმარტეს. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონს გასცდნენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით მიმდინარეობს. ბრალდება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები